ხელისუფლების უზურპაცია მოხდა საქართველოში, ეს არის სახელმწიფო გადატრიალება. "ქართული ოცნება" არის საკონსტიტუციო გადატრიალების ავტორი და ამაზე "ქართული ოცნება" აგებს პასუხს აუცილებლად იმ წესით, როგორი წესითაც ამას ითვალისწინებს საქართველოს კანონმდებლობა, - ამის შესახებ "კოალიცია ცვლილებისთვის" ერთ-ერთი ლიდერი ნიკა გვარამია საგანგებო ბრიფინგზე საუბრობს.
ნიკა გვარამიას განცხადებით, კოალიცია არ აღიარებს მოპარული არჩევნების შედეგებს.
"ხელისუფლების უზურპაცია მოხდა საქართველოში, ეს არის სახელმწიფო გადატრიალება. "ქართული ოცნება" არის საკონსტიტუციო გადატრიალების ავტორი და ამაზე "ქართული ოცნება" აგებს პასუხს აუცილებლად იმ წესით, როგორი წესითაც ამას ითვალისწინებს საქართველოს კანონმდებლობა. მაგრამ, ვიდრე ეს მოხდება, "ქართულ ოცნებას" მოუწევს ოპოზიციის გამარჯვების აღიარება. ჩვენ გაშიფრული გვაქვს სქემა, რომლის მიხედვითაც მათ მოიპარეს არჩევნები. ამაზეც გვჭირდებოდა გარკვეულწილად დრო და ამაზე საუბარი. ეს არ არის მარტივი, ჩვენ დაგპირდით ხმების დაცვას და ბოდიშს გიხდით, რომ ამ რთული ტექნოლოგიური სქემის გაშიფვრაში იმთავითვე წარმატებული არ ვიყავით და მხოლოდ არჩევნების გაყალბების შემდეგ აღმოვაჩინეთ ეს პრობლემა. მაგრამ აუცილებლად უნდა გესაუბროთ ამაზე.
კიდევ ერთხელ შეგახსენებთ, ჩვენი მთავარი გადაწყვეტილება აბსოლუტურად უალტერნატივო, ისეთი, რომელსაც ჩვენ არ გადავუხვევთ და არც გადავსინჯავთ, არის ის, რომ ქართული ოცნება ამ ქვეყნის ხელისუფლებაში ვერ დარჩება. ეს არის მოპარული არჩევნები, ეს არის ხელისუფლების უზურპაცია და კონსტიტუციური გადატრიალება საქართველოში. ეს არ მოხდება, ეს არ არის რუსეთი, ეს არ არის ვენესუელა, ეს საქართველოა. შევახსენებ ყველას და შევახსენებ კვლავ ბიძინა ივანიშვილს - მას აქვს ბოლო შანსი ან შეიძლება უკვე ჰქონდა ბოლო შანსი, რომ ისტორიაში ჩაწერილიყო ოდნავ მაინც პოზიტიური რაკურსით და ხელისუფლების მშვიდობიანი გადაბარება ეღიარებინა. რაკიღა მან ეს არ გააკეთა, ჩვენ გვაქვს ჩვენი გადაწყვეტილებები, ჩვენ გვაქვს ჩვენი გზა და ჩვენ ვესაუბრებით უკვე ქართველ ხალხს. აღარ ვესაუბრებით ხელისუფლებას, აღარ ვესაუბრებით არავის სხვას. ჩვენ ვესაუბრებით ჩვენს ამომრჩეველს და ქართველ ხალხს, რომელსაც გვინდა ვაცნობოთ, კვლავ, კიდევ ვიმეორებ, ჩვენ არ ვაღიარებთ ამ არჩევნების შედეგებს, ეს არის მოპარული არჩევნები, ხელისუფლების უზურპაცია და კონსტიტუციური გადატრიალება. კონსტიტუციური გადატრიალების ავტორებს ექნებათ ის სამართლებრივი შედეგები, რაც საქართველოს კანონმდებლობით უკვე არის დადგენილი", - ამბობს ნიკა გვარამია.