ჩვენი კოალიცია ვამბობთ, რომ პრეზიდენტს აქვს ძალიან მნიშვნელოვანი, გადამწყვეტი როლი. არჩევნების შემდეგაც გადამწყვეტი როლი ექნება. ყოველ ჯერზე ვუდასტურებ პატივისცემას და მხარდაჭერას, ასევე ვართ ქარტიის ხელმომწერები და ქარტიის სულისკვეთების მხარდამჭერები, – ამის შესახებ „ძლიერი საქართველოსთვის“ წევრმა, ალეკო ელისაშვილმა განაცხადა.
„დარჩა ცხრა დღე და ამის შემდეგ ჩვენ მზად ვართ, კომპრომისულად დავსხდეთ, ვიმსჯელოთ, ეს მთავრობა ტექნიკური იქნება თუ არატექნიკური. მზად ვართ, უმოკლეს ვადებში შევთანხმდეთ მთავრობის წევრებზე, პრემიერზე და სხვებზე. ამაში ვერანაირ პრობლემას ვერ ვხედავ, უბრალოდ, პრიორიტეტების ამბავია და ახლა პრიორიტეტი ჩვენთვის არის გამარჯვება და „ქართული ოცნების“ დამარცხება.
არანაირი უთანხმოება არაა. ნუ დაარქმევთ ასე „პოსტივურად“. ოპოზიციაში არ ვართ ერთი პარტია წარმოდგენილი. ოპოზიციაში ოთხი ძლიერი ჯგუფი, ოთხი ძლიერი ფლანგია. მე წარმოვადგენ კოალიცია „ძლიერ საქართველოს“ და ჩვენთან არანაირი უთანხმოება არ არის ტექნიკურ მთავრობასთან დაკავშირებით. ერთსულოვნები ვართ იმ საკითხში, რომ ჯერ უნდა გავიმარჯვოთ და შემდეგ, არჩევნებზე გამოხატული ხალხის ნების შესაბამისად, უსწრაფესად მოხდეს მთავრობის ფორმირება“, – განაცხადა ალეკო ელისაშვილმა.