შეგვიძლია კანდიდატის სტატუსის უკან წაღება, ვიზალიბერალიზაციის შეჩერება და სანქციების დაწესებაც, მაგრამ არ გვინდა, რომ საქართველო ხელში მის ოკუპანტს ჩავუგდოთ, - ამის შესახებ ევროპარლამენტარმა მარკეტა გრეგოროვამ საქართველოს საკითხზე ევროპარლამენტში გამართული დებატებისას განაცხადა.
„მე ყოველთვის დიდ იმედებს ვამყარებდი საქართველოსა და მათ ევროპულ მომავალზე, თუმცა საქართველოს მთავრობას სხვა გეგმები ჰქონდა. კანონები, რომლებიც ბოლო დროს იქნა ინიცირებული და მიღებული, ამტკიცებს, რომ საქართველოს ამჟამინდელ მთავრობას ევროინტეგრაციის ინტერესი არ აქვს. ისინი ცვლიან კანონებს, რათა საქართველო რუსი ოლიგარქების თავშესაფარი გახდეს. მე იმედს ვიტოვებ, რომ ქართველები, რომელთა დიდი უმრავლესობა თავის მომავალს ევროპაში ხედავს, იმასაც დაინახავს, თუ ვის მიჰყავს ქვეყანა სხვა მიმართულებით და მე მათ სიძლიერეს ვუსურვებ მომდევნო კვირებში. თუმცა, ჩვენ ვართ ევროპული ინსტიტუტების წარმომადგენლები და განზე ვერ ვიდგებით.
ჩვენ მივანიჭეთ საქართველოს კანდიდატის სტატუსი და შეგვიძლია მისი უკან წაღება. ჩვენ მივეცით საქართველოს ვიზალიბერალიზაცია და მისი შეჩერებაც შეგვიძლია. ჩვენ შევაყოვნეთ სანქციების დაწესება, მაგრამ არ გვინდა, რომ საქართველო ხელში მის ოკუპანტს ჩავუგდოთ. მაგრამ ჩვენ ვკარგავთ საქართველოს. რა თქმა უნდა, ჩვენ ვერ ჩავუდგებით მათ ბრძოლას სათავეში, რადგან ჩვენ არ ვართ კრემლი და არ ვართ პუტინი. ბრძოლას სათავეში ქართველები უნდა ჩაუდგნენ, ჩვენ კი მათ უნდა დავეხმაროთ და რუსეთს საქმე გავურთულოთ. და ჩვენ ბევრი მაგალითი გვაქვს. უბრალოდ, ერთხელ მაინც უნდა მოვახერხოთ, რომ არ დავაგვიანოთ, - თქვა გრეგოროვამ.