უკრაინას არ სჭირდება აშშ-ის ნებართვა რუსეთის სიღრმეში სამიზნეებზე საპასუხო დარტყმების განსახორციელებლად, რადგან მას შეუძლია გამოიყენოს იარაღი, რომელსაც თავად აწარმოებს. ამის შესახებ აშს-ის სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერმა მეთიუ მილერმა განაცხადა.
„ის სუვერენული ქვეყანაა და შეუძლია გამოიყენოს ის შეიარაღება, რომელსაც თავად ამზადებს, ეს იარაღი კი ბევრი აქვთ. შეხედეთ მათ მიერ გასული წლის განმავლობაში დანერგილ პროგრამებს.
და ასევე, თუ გადავხედავთ იმ იარაღს, რომელსაც ჩვენ მათ ვაწვდით, ჩვენ ნათლად განვაცხადეთ, რომ მათ შეუძლიათ გამოიყენონ ის, რუსეთის სამიზნეების საპასუხოდ, საზღვრის გასწვრივ, საიდანაც თავდასხმები განხორციელდება. ამიტომ, უკრაინას აქვს თავდაცვის დიდი რაოდენობით საშუალება“, - თქვა მილერმა.
ამავე დროს, მან აღნიშნა, რომ შეერთებული შტატები „ყოველთვის ეძებს დამატებით ინსტრუმენტებს“, რომლებიც მას შეუძლია უკრაინას მიაწოდოს.
ამასთან, სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელმა პირდაპირ არ უპასუხა ჟურნალისტების შეკითხვას, თუ რატომ არ ხსნის შეერთებული შტატები ამერიკული იარაღით რუსეთში ღრმა დისტანციურ დარტყმებზე შეზღუდვებს.
„ჩვენ ვუყურებთ ყველა შესაძლებლობას, ყველა ტაქტიკასა და მთელ მხარდაჭერას, რომელსაც ვუწევთ მთლიან უკრაინას, და როდესაც ვამტკიცებთ რაიმე ახალი ნებისმიერი შეიარაღების სისტემას ან რაიმე ახალ ტაქტიკას, ვუყურებთ, როგორ იმოქმედებს ეს მთელ ბრძოლის ველზე და უკრაინის სტრატეგიაზე და ეს არის ის, რასაც ჩვენ გავაგრძელებთ“, - თქვა მილერმა.