საგარეო და უსაფრთხოების საკითხებში ევროკომისარი ჯოზეფ ბორელი ამბობს, რომ როგორც ჩანს, არც ერთ ძალას, მათ შორის აშშ-ს, არ შეუძლია ისრაელის პრემიერ-მინისტრის ბენიამინ ნეთანიაჰუს შეჩერება.
"რასაც ჩვენ ვაკეთებთ არის ყველანაირი დიპლომატიური ზეწოლა ცეცხლის შეწყვეტაზე, მაგრამ როგორც ჩანს, ვერავინ შეძლებს ნეთანიაჰუს შეჩერებას, არც ღაზაში და არც დასავლეთ სანაპიროზე",- განუცხადა ბორელმა ნიუ იორკში ჟურნალისტებს.
ბორელის თქმით, ნეთანიაჰუმ ნათლად თქვა, რომ ისრაელელები "არ გაჩერდებიან, ვიდრე ჰეზბოლა არ განადგურდება".
„თუ განადგურების ინტერპრეტაცია იგივეა, რაც „ჰამასის შემთხვევაში, მაშინ ჩვენ ხანგრძლივი ომი გვექნება“, - თქვა ბორელმა.
შეგახსენებთ, ისრაელმა ბეირუთში „ჰეზბოლას“ ცენტრალურ შტაბ-ბინაზე იერიში მიიტანა. დარტყმის მთავარი სამიზნე „ჰეზბოლას“ ლიდერი, ჰასან ნასრალა იყო. ამას გარდა, ისრაელელი მაღალჩინოსნების თქმით, იერიშის მომენტში შტაბ-ბინაში ჰეზბოლას მაღალჩინოსნები იმყოფებოდნენ. ჯერჯერობით უცნობია, მოყვა თუ არა ნასრალა ისრაელის იერიშის ქვეშ.