მშვიდობის ძიების ნებისმიერი პარალელური ან ალტერნატიული მცდელობა, სინამდვილეში ომის დასრულების ნაცვლად, პაუზის მიღწევის მცდელობაა, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ გაერო-ს გენერალურ ასამბლეაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
ზელენსკი დარწმუნებულია, რომ „მშვიდობის ფორმულა“ არის საუკეთესო გზა ხანგრძლივი მშვიდობის მისაღწევად
„როდესაც ზოგი გვთავაზობს ალტერნატივებს, ნახევრად მოგვარების გეგმებს, ეგრეთ წოდებულ „პრინციპების კომპლექტს“, ისინი არა მხოლოდ უგულებელყოფენ ომისგან ყველაზე მეტად დაზარალებულ უკრაინელების ინტერესებს და ტანჯვას, არა მხოლოდ იგნორირებას უკეთებენ რეალობას, არამედ აძლევენ პუტინს პოლიტიკურ სივრცეს ომის გასაგრძელებლად“, - განაცხადა ზელენსკიმ.
ზელენსკიმ აღნიშნა, რომ მისი "მშვიდობის ფორმულა", როგორც გლობალური ინიციატივა, უკვე ორი წელია არსებობს.
"და შესაძლოა, ვინმეს უნდა ნობელის პრემია თავისი პოლიტიკური ბიოგრაფიისთვის "გაყინული ზავის" შესახებ რეალური მშვიდობის ნაცვლად და სანაცვლოდ პუტინისგან ერთადერთი ჯილდო მეტი ტანჯვა და კატასტროფები იქნება", - თქვა ზელენსკიმ.
ზელენსკის თქმით, რუსეთს უნდა ესმოდეს თავისი ქმედებების შედეგები და ამისთვის საჭიროა საერთაშორისო საზოგადოების ზეწოლა. როგორც ზელენსკიმ აღნიშნა, ომის შედეგების შეკავება რუკაზე საზღვრების ხაზებით შეუძლებელია.
„ქალაქებში, სადაც საბრძოლო მოქმედებები მიმდინარეობს, ხანძრების კვამლმა შეიძლება, სხვა ქვეყნებამდე მიაღწიოს. ღმერთმა ნუ ქნას, რუსეთი თუ გამოიწვევს ბირთვულ ავარიას ერთ-ერთ ჩვენს ატომურ ელექტროსადგურზე, რადიაცია სახელმწიფო საზღვრებს არ გაითვალისწინებს“, -აღნიშნა ზელენსკიმ.
გაერო-ს გენერალური ასამბლეის წევრებისადმი მიმართვისას უკრაინის პრეზიდენტმა რუსეთის მხრიდან ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურაზე იერიშებზეც ისაუბრა. მისი თქმით, პუტინს სურს უკრაინელები ამ ზამთარს სიბნელესა და სიცივეში დატოვოს, რათა უკრაინას ტანჯვა და დანებება აიძულოს.
„ვინაიდან რუსეთმა ვერ დაამარცხა ჩვენი ხალხის სიმტკიცე ბრძოლის ველზე, პუტინი ეძებს უკრაინული სულის გატეხვის სხვა გზებს. მისი ერთ-ერთი მეთოდია ჩვენი ენერგეტიკული ინფრასტრუქტურის სამიზნეში ამოღება და რუსეთის მიზანმიმართული დარტყმები ჩვენს ელექტროსადგურებსა და მთელ ენერგეტიკულ ქსელზე. დღეის მონაცემებით, რუსეთმა გაანადგურა ყველა ჩვენი თბოელექტროსადგური და ჰიდროელექტროენერგიის სიმძლავრეების დიდი ნაწილი. ასე ემზადება პუტინი ზამთრისთვის იმ იმედით, რომ დატანჯავს მილიონობით უკრაინელს, რიგით ოჯახებს, ქალებს, ბავშვებს, ქალაქებს, სოფლებს“, – განაცხადა ზელენსკიმ.
ზელენსკიმ ასევე მოუწოდა საერთაშორისო საზოგადოებას მოახდინოს ზეწოლა რუსეთზე და თავი შეაკავოს მისი თავდასხმები
, რომლებიც საფრთხეს უქმნის უკრაინის ბირთვულ ენერგეტიკას.