საგარეო და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა ჯოზეფ ბორელმა განაცხადა, რომ უკრაინის კაპიტულაცია და მისი მეორე ბელარუსად გადაქცევა არ არის ომის დასრულების ყველაზე სწრაფი გზა.
ამის შესახებ ბორელმა გაერო-ს უშიშროების საბჭოს დასრულების შემდეგ ისაუბრა.
ბორელის თქმით, ბევრი საუბარი მოისმინა მშვიდობაზე, იმაზე, რომ ომი ძალინ ძვირია.
„ჩვენც გვიყვარს მშვიდობა, ევროკავშირს უყვარს მშვიდობა და ყველაზე მეტად ის უყვართ უკრაინელებს, რომლებიც ყველაზე მაღალ ფასს იხდიან.
მშვიდობის მიღწევის უსწრაფესი გზაა რუსეთის მიერ ჯარების გაყვანა და ომი დამთავრდება“, - თქვა ბორელმა.
მან დასძინა, რომ აღნიშნულ მშვიდობისმოყვარეებს ამ სწრაფ მეთოდზე არ უსაუბრიათ, რადგან მიაჩნიათ, რომ ომის დასრულების ყველაზე სწრაფი გზა უკრაინის დანებებაა.
„დიახ, ჩვენი მხარდაჭერის გარეშე, უკრაინა იძულებული იქნება დანედეს, ჩვენ არ გვინდა ომის ასეთი დასრულება. ჩვენ არ გვინდა უკრაინის კაპიტულაცია, მისი ეროვნული იდენტობის, თავისუფლების, ტერიტორიის დაკარგვა და მეორე ბელარუსად გადაქცევა“, - განაცხადა ბორელმა.
მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ მშვიდობა არ არის დამორჩილება, კაპიტულაცია ან ოკუპაცია, ამიტომ საჭიროა გრძელვადიანი მშვიდობა.
მისივე თქმით, უკრაინის სამხედრო მხარდაჭერა არ გამორიცხავს მშვიდობიანი გადაწყვეტილებების ძიებას, მაგრამ ამავე დროს ხაზგასმით აღნიშნა, რომ რაც უფრო ძლიერი იქნება უკრაინა სამხედრო თვალსაზრისით, მით უფრო ძლიერი იქნება მოლაპარაკებებზე მისი პოზიცია.