საგარეო და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა, ჯოზეფ ბორელმა განაცხადა, რომ ევროკავშირი გააგრძელებს უკრაინის მხარდაჭერას რუსული აგრესიის წინააღმდეგ, მიუხედავად აშშ-ის ახალი პრეზიდენტის ადმინისტრაციის პოზიციისა.
„არ ვიცი რას გააკეთებს ან რას არ გააკეთებს ამერიკის ადმინისტრაცია.
ახლა, ნება მომეცით გითხრათ, რომ ამჟამად ევროკავშირის მხარდაჭერა - სამხედრო, სამოქალაქო, ეკონომიკური, ფინანსური და ჰუმანიტარული კუთხით, უფრო მეტია, ვიდრე {დახმარება} აშშ-სგან.
100 მილიარდ ევროზე მეტი არის ის, რაც ჩვენ გადავიხადეთ. მათ შორის, 45 მილიარდი ევრო სამხედრო დახმარებაა.
რა თქმა უნდა, ეს ნაკლებია, ვიდრე შეერთებული შტატებიდან, მაგრამ ასევე საკმაოდ მნიშვნელოვანი მაჩვენებელია“, - განაცხადა ბორელმა პრესკონფერენციაზე.
მან გაიხსენა, რომ ომის დასაწყისში არავინ ელოდა, რომ უკრაინა წინააღმდეგობას გაუწევდა, რადგან რუსეთი სამხედრო ხარჯებით მსოფლიოში მეოთხე ქვეყანა იყო, უკრაინა კი 35-ე ადგილზე იყო.
„აქედან გამომდინარე, განსხვავება რუსეთისა და უკრაინის სამხედრო შესაძლებლობებს შორის წარმოუდგენელი იყო.
ის, რომ უკრაინამ წინააღმდეგობა გაუწია, თავის დროზე სასწაული იყო. დასაწყისში, გახსოვთ, რა შევთავაზეთ უკრაინას? ჩაფხუტები! ახლა ჩვენ გთავაზობთ F-16-ებს და ამაში არის გარკვეული განსხვავება.
ერთი რამ ჩემთვის ნათელია: ვიდრე უკრაინა წინააღმდეგობას უწევს, ჩვენ მას უნდა დავუჭიროთ მხარი. წინააღმდეგ შემთხვევაში ისტორიულ შეცდომას დავუშვებთ“, - განაცხადა ბორელმა.