ეს ომი მოლაპარაკებებით ვერ დასრულდება, რუსეთს უნდა აიძულონ მშვიდობის დამყარება, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ გაერო-ს უშიშროების საბჭოს სხდომაზე განაცხადა.
„ამიტომაც ეს ომი უბრალოდ ვერ დასრულდება, მოლაპარაკებით ვერ დამშვიდდება - საჭიროა მოქმედება. მადლობელი ვარ ყველა სახელმწიფოსი, რომელიც გვეხმარება ჩვენი ხალხის სიცოცხლის გადარჩენაში.
პუტინმა ბევრი საერთაშორისო ნორმა და წესი დაარღვია და თავისით არ გაჩერდება.
რუსეთს მხოლოდ უნდა აიძულონ მშვიდობის დამყარება - აუცილებელია რუსეთის ფედერაციის იძულება მშვიდობას დასამყარებლად, ამ ომში აგრესორის შეჩერება, რომელიც არღვევს გაერო-ს წესდებას“, - განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა.
ამასთან, ზელენსკის თქმით, რუსეთს არ აქვს კანონიერი საფუძველი, რომ ირანი და ჩრდილოეთ კორეა ჩართოს დანაშაულებრივ ომში ევროპაში.
„რუსეთს არ აქვს არანაირი ლეგიტიმური მიზეზი, რომ ირანი და ჩრდილოეთ კორეა ევროპაში თავისი ომის თანამონაწილეებად აქციოს, მათი იარაღით კლავენ უკრაინელებს და ეხმარებიან პუტინს ჩვენი მიწების მითვისებაში“, – განაცხადა ზელენსკიმ.
მისი თქმით, რუსეთი ზამთრის წინ „ისევ ცდილობს გაანადგუროს“ უკრაინის ენერგეტიკა. ზელენსკი აცხადებს, რომ რუსული არმია უკრაინის ატომურ ელექტროსადგურებზე თავდასხმისთვის ემზადება. მან აღნიშნა, რომ კიევს ამის მტკიცებულება აქვს.
უკრაინის პრეზიდენტმა კიდევ ერთხელ განაცხადა, რომ ომი მხოლოდ მის მიერ შეთავაზებული „მშვიდობის ფორმულის“ საფუძველზე შეიძლება დასრულდეს.