ლიბანის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ ორშაბათიდან ისრაელის მიერ განხორციელებულ საჰაერო თავდასხმებს მთელი ქვეყნის მასშტაბით სულ მცირე 558 ადამიანი, მათ შორის 50 ბავშვი და 94 ქალი ემსხვერპლა. დაშავებულია 1800-ზე მეტი ადამიანი.
ლიბანის ერთ-ერთი ოფიციალური პირის თქმით, ეს არის დაღუპულთა ყველაზე დიდი რაოდენობა 1975-1990 წლების სამოქალაქო ომის დასრულების შემდეგ.
ისრაელის ხელისუფლება აცხადებს, რომ ისინი მიზნად ისახავს ლიბანური დაჯგუფება ჰეზბოლას ინფრასტრუქტურას და მებრძოლებს, რომელსაც მხარს უჭერს ირანი და მუდმივად დაბომბავს ჩრდილოეთ ისრაელს.
ორშაბათს, ისრაელის არმიამ დაიწყო ყველაზე მასშტაბური დარტყმები „ჰეზბოლას“ წინააღმდეგ მას შემდეგ, რაც კონფლიქტი გამწვავდა სამხრეთ ლიბანში, აღმოსავლეთ ბექაას ხეობაში და ჩრდილოეთ რეგიონში სირიის მახლობლად.
ისრაელელი სამხედროები აცხადებენ, რომ ბოლო 24 საათის განმავლობაში ლიბანში „ჰეზბოლას“ 1300 ობიექტს დაარტყეს.
ისრაელის თავდაცვის ძალებში აცხადებენ, რომ ისრაელელი სამხედროების სამიზნე ფრთოსანი რაკეტები, რეაქტიული ჭურვები და მოიერიშე დრონები იყო, რომლის საცავებიც განთავსებული იყო სოფლების შუაგულში, მშვიდობიანი მოსახლეობის სახლებში.
ისრაელის თავდაცვის ძალებში ამბობენ, რომ „ჰეზბოლა“ ამ შეიარაღების გამოყენებას ისრაელის წინააღმდეგ აპირებდა და ამავდროულად, საფრთხეს უქმნიდა ლიბანელ ხალხს.
სამშაბათს დილით „ჰეზბოლამ“ ისრაელის მიმართულებით ათობით რაკეტა გაისროლა. ისრაელის თავდაცვის ძალების თქმით, უმეტესობა ჩაჭრა, მაგრამ ზოგიერთი შენობა დაზიანდა.
„ჰეზბოლას“ განცხადებაში ნათქვამია, რომ დაჯგუფებამ სარაკეტო შეტევა განახორციელა ჩრდილოეთ ისრაელის ქალაქ კირიათ შმონაზე.
ისრაელელმა სამხედროებმა განაცხადეს, რომ ორშაბათს ლიბანში 1600-ზე მეტი დარტყმა განხორციელდა.
დარტყმები ძირითადად სამხრეთით იყო კონცენტრირებული, მაგრამ ზოგიერთი მათგანი ქვეყნის აღმოსავლეთ და ჩრდილო-აღმოსავლეთ რეგიონებში განხორციელდა.
ისრაელი ამტკიცებს, რომ ის მხოლოდ „ჰეზბოლას“ სამიზნეებს ურტყამს, მაგრამ ლიბანის ხელისუფლება ამბობს, რომ სამიზნეების უმეტესობა საცხოვრებელი ინფრასტრუქტურა იყო. „ჰეზბოლასა“ და ისრაელს შორის დარტყმები დღესაც გაგრძელდა.
ისრაელისთავდაცვის ძალების ცნობით, ლიბანიდან რაკეტები გაისროლეს ჩრდილოეთ ისრაელის აფულის რაიონსა და ხეობებში. ისრაელის განცხადეიბით, იერიში მიიტანა ჰეზბოლას ათობით სამიზნეზე სამხრეთ ლიბანის რამდენიმე რაიონში.
ისრაელელმა სამხედროებმა ასევე განაცხადეს, რომ მიზანმიმართული დარტყმები განახორციელეს ბეირუთზე.
ზოგიერთმა საერთაშორისო ავიაკომპანიამ გააუქმა ფრენები ბეირუთში. მოგვიანებით ცნობილი გახდა, რომ რეგიონში მზარდი დაძაბულობის გამო თელ ავივის მიმართულებით რამდენიმე ფრენა გაუქმდა.