“ჩვენი ერთ-ერთი პირველი ინიციატივა, რომელიც განხორციელდება, ეს იქნება წამლების სუბსიდირება სახელმწიფოს მხრიდან, ანუ სახელმწიფო გადაიხდის სრულად ექიმის მიერ დანიშნული წამლის საფასურს პენსიონერისთვის.” - ამის შესახებ “ერთიანობა-ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთმა ლიდერმა, სერგო ჩიხლაძემ განაცხადა.
მისივე თქმით, სახელმწიფომ პენსიონერებზე უნდა იზრუნოს და მათ ღირსეული ცხოვრების პირობები უნდა შეუქმნას:
“დღეს პენსიონერს, ასაკოვან ადამიანს, უწევს არჩევანის გაკეთება - წამალი იყიდოს თუ საკვები, ეს არის ძალიან დიდი უსამართლობა. უსამართლობაა ისიც, რომ ღარიბი საქართველოს ღარიბ მოქალაქეს 4-5ჯერ მეტის გადახდა უწევს საკუთარი ჯიბიდან წამლებზე, ვიდრე ევროკავშირის მდიდარი ქვეყნის მოქალაქეებს. ეს უსამართლობა უნდა დავასრულოთ.
სწორედ ამიტომ, ჩვენი ერთ-ერთი პირველი ინიციატივა, რომელიც განხორციელდება, ეს იქნება წამლების სუბსიდირება სახელმწიფოს მხრიდან, ანუ სახელმწიფო გადაიხდის სრულად ექიმის მიერ დანიშნული წამლის საფასურს პენსიონერისთვის, მათ აღარ მოუწევთ წამალში ფულის გადახდა, სახელმწიფო სრულად დააფინანსებს ექიმის მიერ გამოწერილ ნებისმიერ წამალს, ნებისმიერი პენსიონერისთვის, ამას აუცილებლად გავაკეთებთ 2025 წლის 1 იანვრიდან, ამისთვის სათანადო ბიუჯეტური სახსრები მოძიებულია და არსებობს და ეს არის სახელმწიფოს, ჩვენი ვალდებულება, რომ ვიზრუნოთ ასაკოვნებზე და ამ ღირსეულ ხალხზე, რომელთაც ღირსეული ცხოვრება უნდა ჰქონდეთ.” - განაცხადა ჩიხლაძემ.