რუსეთის ქალაქ ომსკში ორმა მოსწავლემ სამხედრო ავიაბაზაზე შეაღწია და „მი-8“ ტიპის ვერტმფრენი დაწვა. ამის შესახებ რუსული ტელეგრამარხები ავრცელებენ ინფორმაციას.
ტელეგრამარხების ინფორმაციით, ვერტმფრენის დაწვისთვის მათ 20 ათასი დოლარის გადახდას დაპირდნენ. 16 წლის მოსწავლეები ამბობენ, რომ ვერტმფრენის დაწვა მათ „უკრაინელმა კურატორებმა“ დაავალეს,
ტელეგრამარხ „ბაზის“ ინფორმაციით, სკოლის მოსწავლეები ავიაბაზაში 21 სექტემბერს საღამოს შევიდნენ. ბიჭებმა მი-8 ტიპის ვერტმფრენს მოლოტოვის კოქტეილი ესროლეს და შემთხვევის ადგილიდან მიიმალნენ.
თუმცა, ბიჭები მალე დააკავეს.
მოზარდებმა თქვეს, რომ ვერტმფრენის დაწვის დავალება Telegram-ის საშუალებით მიიღეს და სამუშაოსთვის მათ დიდ თანხას დაპირდნენ (თუმცა, დაპირებული თანხა არასოდეს მიუღიათ). მას შემდეგ, რაც ბავშვებმა ვერტმფრენი დაწვეს, „კურატორებმა“კავშირი გაწყვიტეს და მიმოწერა წაშალეს.
მსგავსი შემთხვევა მოხდა 11 სექტემბერსაც იამალო-ნენეცის ავტონომიური ოლქის ქალაქ ნოიაბრსკშიც. ორმა მოზარდმა აეროპორტის ტერიტორიაზე შეაღწია და ვერტმფრენი დაწვა.