ფინეთის პრეზიდენტი ალექსანდრ სტუბი მიიჩნევს, რომ დასავლეთის ქვეყნებმა, მათ შორის შეერთებულმა შტატებმა, უნდა გააუქმონ შეზღუდვები რუსეთის ტერიტორიაზე შორ მანძილზე დარტყმებთან დაკავშირებით. ამის შესახებ The New York Times იუწყება.
სტუბმა მოუწოდა მოკავშირეებს, მათ შორის შეერთებულ შტატებს, „ნება დართონ უკრაინას იბრძოლოს ზურგს უკან შეკრული ხელების გარეშე და გააუქმონ შეზღუდვები შორ მანძილზე დარტყმებზე“.
”ჩვენ უნდა გავაგრძელოთ უკრაინის მხარდაჭერა, დაწყებული ფინანსებით, საბრძოლო მასალით, სატრანსპორტო საშუალებებით და მივცეთ საშუალება უკრაინას გამოიყენოს იარაღი ისე, როგორც ის ამას საჭიროდ მიიჩნევს”, - თქვა მან.
ფინეთის პრეზიდენტმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ რუსეთი იმპერიული სახელმწიფოა და ექსპანსია „მის დნმ-შია ჩართული“.
”ასე რომ, ჩვენ უნდა დავარწმუნოთ პუტინი, რომ აზრი არ აქვს ამ ომის გაგრძელებას და ვფიქრობ, პუტინმა უნდა წააგოს ომიც და მშვიდობაც, რადგან ერთადერთი, რაც მას ესმის, არის ძალა. მთავარია, უკრაინას მივცეთ საშუალება, აწარმოოს ეს ომი ყოველგვარი შეზღუდვის გარეშე, ამის შემდეგ კი ყველაფერი მეორეხარისხოვანია“, - აღნიშნა სტუბმა.
ფინეთის პრეზიდენტმა დასძინა, რომ მოქმედების მეტი თავისუფლება უკრაინას საშუალებას მისცემს "სამშვიდობო მოლაპარაკებების" უფრო სწრაფად დაახლოებას.
მანამდე, დანიის პრემიერ-მინისტრმა მეტე ფრედერიკსენმა ასევე განაცხადა, რომ უკრაინის მოკავშირეებმა უნდა შეწყვიტონ ყოყმანი, დაეხმარონ ქვეყანას ბრძოლაში და დაუშვან მოწოდებული იარაღის გამოყენება რუსეთის ტერიტორიაზე დარტყმებისთვის.