"გამარჯვების გეგმა", რომლითაც უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი შეერთებულ შტატებში ჩავიდა, მოიცავს გარანტიებს უკრაინისთვის, იმ შემთხვევაში, თუ რესპუბლიკელი კანდიდატი დონალდ ტრამპი გაიმარჯვებს საპრეზიდენტო არჩევნებში.
ამის შესახებ გამოცემა The Sunday Times წყაროზე დაყრდნობით იუწყება.
გამოცემის თანახმად, ზელენსკის სურს ტრამპისგან დაიცვას კიევისთვის ამერიკის დახმარება, მას შემდეგ, რაც ჯო ბაიდენის წინამორბედმა თეთრ სახლში, ისევე როგორც რესპუბლიკელების ვიცე-პრეზიდენტობის კანდიდატმა ჯეიმს დევიდ ვენსმა მიანიშნა, რომ უკრაინაში ომს ს ტერიტორიული დათმობების გზით დაასრულებენ.
აშშ-ის ამჟამინდელი ადმინისტრაციის მხრიდან თავისი გეგმის მხარდაჭერის მოპოვების ძალისხმევას, ზელენსკი ცდილობს ხელი შეუშალოს რუსეთთან არასახარბიელო სამშვიდობო შეთანხმების გაფორმებას, თუ ტრამპი თეთრ სახლში დაბრუნდება.
„მოდით, ეს ყველაფერი დღეს გავაკეთოთ, მაშინ როცა ყველა პირი, ვისაც უკრაინის გამარჯვება უნდა, თანამდებობაზეა“, - ციტირებს ბრიტანული გაზეთი უკრაინის პრეზიდენტის სიტყვებს.
როგორც გამოცემა აღნიშნავს, „უკრაინის გამარჯვების გეგმა“ შეიცავს ოთხ ძირითად პუნქტს, რომელთაგან ერთ-ერთი არის დასავლეთის უსაფრთხოების გარანტიების მოთხოვნა, ნატო-ს წევრებს შორის თავდაცვის ორმხრივი პაქტის მსგავსი.
გარდა ამისა, გეგმა მოიცავს უკრაინის შეიარაღებული ძალების შეტევის გაგრძელებას კურსკის ოლქში, როგორც მოლაპარაკებებში უკრაინის პოზიციის გაძლიერების ფაქტორს, „გარკვეული“ თანამედროვე იარაღის მოთხოვნას და საერთაშორისო ფინანსურ დახმარებას უკრაინის დაზარალებული ეკონომიკისთვის.
უკრაინის "გამარჯვების გეგმა" ოფიციალურად ჯერ არ გასაჯაროვებულა.
ზელენსკიმ მანამდე განაცხადა, რომ გეგმას ჯო ბაიდენთან შეხვედრამდე არ გაასაჯაროებს.
ზელენსკი „გამარჯვების გეგმას“ საპრეზიდენტო კანდიდატებს დონალდ ტრამპსა და კამალა ჰარისსაც წარუდგენს.