“ჰეზბოლამ” ჩრდილოეთ ისრაელის მიმართულებით ლიბანიდან ათობით რაკეტა ისროლა. ისრაელის არმიის მონაცემებით, გასროლილი 105 რაკეტიდან უმეტესი ნაწილი გააუვნებელყვეს, თუმცა ზოგიერთი სახლი დაზიანდა. იუწყება BBC
„ჰეზბოლას“ განცხადებით, თავდასხმები განხორციელდა სამრეწველო და სამხედრო ობიექტებზე ლიბანში პეიჯერებისა და პორტატული რაციების აფეთქებების გამო შურისძიების მიზნით.
ამასთან, ისრაელის თავდაცვის ძალებმა ჩრდილოეთ ისრაელის დასახლებებსა და გოლანის მაღლობების სამხრეთ ნაწილში ახალი შეზღუდვები დააწესეს. კერძოდ, შეიზღუდა მასობრივი შეკრებების გამართვა როგორც ღია, ისე დახურულ სივრცეში. შეზღუდვები ვრცელდება ჰაიფის რაიონსა და მის ჩრდილოეთითაც.
ისრაელსა და „ჰეზბოლას“ შორის დაპირისპირება 2023 წლის 8 ოქტომბრიდან გამწვავდა, როდესაც „ჰამასის“ მებრძოლები ისრაელს დაესხნენ თავს. „ჰეზბოლამ“ პალესტინელებთან სოლიდარობის ნიშნად ისრაელის პოზიციებს ცეცხლი გაუხსნა.