სოციალური ქსელის TikTok-ის ადმინისტრაციამ რუსული პროპაგანდისტული მედიის ანგარიშები წაშალა.
"დოიჩე ველეს" ინფორმაციით, წაშლილია კრემლისტური მედიის Sputnik-ის 30-ზე გვერდი - Sputnik Serbia, Sputnik Armenia, Sputnik Belarus, Sputnik Afrique, Sputnik Africa, Sputnik Brasil, Sputnik Mundo და Sputnik Indonesia და სხვები.
გარდა ამისა, დეაქტივირებულია Russia Today-ს ანგარიშებიც. TikTok-ს ანგარიშების დეაქტივაციის მიზეზი არ განუმარტავს. ,
რამდენიმე დღის წინ, ამერიკულმა კორპორაციამ Meta-მ, რომელიც ფლობს სოციალურ ქსელებს Facebook-სა და Instagram-ს, გააუქმა საერთაშორისო მედია ჯგუფის Russia Today-ს, სატელევიზიო არხ RT-ისა და მასთან დაკავშირებული ორგანიზაციების ანგარიშები.
"საგულდაგულო განხილვის შემდეგ, ჩვენ გავაფართოვეთ ზომები რუსული სახელმწიფო მედიის წინააღმდეგ", - ნათქვამია Meta-ს განცხადებაში.
13 სექტემბერს აშშ-ის სახაზინო დეპარტამენტმა ახალი სანქციები დააწესა რუსული პროპაგანდისტული მედია ჯგუფის Rossiya Segodnya-სა და მისი აღმასრულებელი დირექტორის დმიტრი კისილევის წინააღმდეგ. სწორედ ამ მედია ჯგუფის შემადგენლობაში შედის სატელევიზიო არხი RT . მანამდე, 4 სექტემბერს, ცნობილი გახდა, რომ ვაშინგტონმა სანქციები დააწესა ტელეკომპანია RT-ისა და მისი თანამშრომლების, მათ შორის მთავარი რედაქტორის მარგარიტა სიმონიანის წინააღმდეგ.
როგორც ხაზინის დეპარტამენტმა განმარტა, სანქციები გამოიყენეს მოსკოვის განზრახვის აღსაკვეთად, რომელცი ცდილობს გავლენა მოახდინოს აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებზე.