გამარჯვების გეგმა, რომელიც უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ მომავალ კვირაში ამერიკის პრეზიდენტს ჯო ბაიდენს უნდა წარუდგინოს, მოიცავს უკრაინის მიწვევას ნატო-ში და გარანტიებს აშშ-ის მიერ თანამედროვე იარაღის მიწოდების შესახებ. ამის შესახებ Bloomberg-ი წყაროზე დაყრდნობით იუწყება.
Bloomberg-ის თანახმად, ნატო-ში წევრობის მიწვევისა და იარაღის მიწოდების გარდა, „გამარჯვების გეგმა“ ასევე ითვალისწინებს მკაფიო გზას უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანებისკენ და „სხვა ეკონომიკურ და უსაფრთხოების შეთანხმებებს“.
მოსალოდნელია, რომ ზელენსკი ბაიდენს გეგმის დეტალურ ვერსიას წარუდგენს, როდესაც ისინი ერთმანეთს 26 სექტემბერს ვაშინგტონში შეხვდებიან.
ზელენსკის ასევე სურს „გამარჯვების გეგმა“ გააცნოს საპრეზიდენტო კანდიდატებს კამალა ჰარისას და დონალდ ტრამპს.
მანამდე ზელენსკიმ განაცხადა, რომ გეგმა შეიცავს 4 ძირითად და ერთ პუნქტს, რომელიც იქნება „აუცილებელი ომის შემდეგ“.
ზელენსკიმ ასევე განაცხადა, რომ „გამარჯვების გეგმა“ შექმნილია იმ გადაწყვეტილებებისთვის, რომლებიც 2024 წლის ოქტომბერ-დეკემბერში უნდა იყოს მიღებული.