ისრაელის თავდაცვის მინისტრმა იოავ გალანტმა განაცხადა, რომ ისრაელს ახალ ძალები გადაჰყავს ლიბანთან ჩრდილოეთ საზღვარზე, სადაც იწყება „ომის ახალი ეტაპი“.
”ეს მოითხოვს ჩვენგან გამბედაობას, მონდომებას და გამძლეობას”, - თქვა მინისტრმა ისრაელის საჰაერო ძალების ბაზაზე გამოსვლისას.
თავის მხრივ, ისრაელის პრემიერ-მინისტრმა ბენიამინ ნეთანიაჰუმ პირობა დადო, რომ ქვეყნის ჩრდილოეთიდან ევაკუირებულ მოსახლეობას სახლებში დააბრუნებდა.
ვიდეომიმართვაში მას არ უსაუბრია ხალხის სახლში დაბრუნების გეგმის დეტალებზე და არც ლიბანის ტერორისტული ორგანიზაცია ჰეზბოლას წევრებს შორის ბოლო დროს საკომუნიკაციო მოწყობილობების აფეთქება უხსენებია.
ამასთან, ლიბანის საგარეო საქმეთა მინისტრმა, აბდალა ბუ ჰაბიბმა განაცხადა, რომ ქვეყანაში ბოლო დღეებში მომხდარი თავდასხმები, შესაძლოა, „ომის დასაწყისის“ მაუწყებელი იყოს.
„ეს საშიში მომენტია და ჩვენ გვეშინია ომის დაწყების, რადგან არ გვსურს ომი. ადრე საზღვარზე იყო შეტაკებები, ზოგჯერ ვითარება მწვავდებოდა, მაგრამ ახლა საუბარია ომზე, ეს არის ომის დასაწყისი“, – განაცხადა აბდალა ბუ ჰაბიბმა.
შეგახსენებთ, ლიბანის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ქვეყანაში საკომუნიკაციო მოწყობილობების აფეთქებების მორიგი სერიის შედეგად დაიღუპა 14 და დაშავდა 450 ადამიანი. გუშინ კი ლიბანში პეიჯერების აფეთქებების შედეგად 12 ადამიანი დაიღუპა, 2 800-მდე კი დაშავდა.