მედიის ცნობით, რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ გამოაქვეყნა ჩამონათვალი იმ რეგიონების, სადაც, მისი ინფორმაციით, 18 სექტემბერს, შუაღამის შემდეგ „გაანადგურეს“ 54 უკრაინული უპილოტო საფრენი აპარატი.
უწყება არ ახსენებს ტვერის ოლქს, სადაც საბრძოლო მასალის საცავზე თავდასხმა მოხდა, რამაც ხნძარი გამოიწვია და აფეთქების ხმა გაისმა.
რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ დილით გამოქვეყნებული მონაცემების მიხედვით, 27 უპილოტო საფრენი აპარატი ჩამოაგდეს კურსკის ოლქში, 16 - ბრიანსკში, შვიდი - სმოლენსკის ოლქში, სამი - ბელგოროდში და ერთი - ორიოლის ოლქში. დამოუკიდებელი წყაროებით ეს ინფორმაცია გადამოწმებული არ არის.
შეგახსენებთ, 18 სექტემბრის ღამეს, რუსეთის ტვერის ოლქის ქალაქ ტოროპეცში დრონით თავდასხმის შედეგად აფეთქება მოხდა და ხანძარი გაჩნდა. გამოცხადდა მოსახლეობის ნაწილობრივი ევაკუაცია. გავრცელებული ინფორმაციით, თავდასხმა მოხდა საბრძოლო მასალის საწყობზე.