სპეციალურ საგამოძიებო სამსახურისგან მოვითხოვ, მწვანე შუქს ნუ უნთებს მოძალადე პოლიციელებს, არიან მოწმეები, არსებობს კადრები, თვითონ დაზარალებულიც ამბობს, ვინ სცემა, - "ერთიანობა ნაციონალური მოძრაობა" მოძალადე პოლიციელების სამსახურიდან გათავისუფლებას ითხოვს
ენმ-ის წევრის ზურაბ აბაევის ადვოკატი ლაშა ტყეშელაძე მოითხოვს, რომ ის პოლიციელები, რომლებმაც 16 სექტემბერს ენმ-ის ნაძალადევის ოფისთან ზურაბ აბაევს სცემეს, თანამდებობიდან გაათავისუფლონ.
"სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს ვთხოვ, დაინტერესდეს და ნუ უნთებენ მწვანე შუქს ამ მოძალადეებს: პოლიციელებმა შუა ქუჩაში, ათობით ადამიანის თვალწინ იძალადეს და ეს ადამიანი საავადმყოფოშია. არსებობს "ფორმა 100", სადაც პირდაპირ წერია დაზიანებები. ეს მოძალადეები უნდა დაისაჯონ და გათავისუფლდნენ სამსახურიდან, რადგან მათი ძალადობის ამსახველი კადრები არსებობს, არიან მოწმეები და თვითონ დაზარალებულიც ამბობს, ასე რომ, ყველაფერი ნათელია, მთავარია მხოლოდ პოლიტიკური ნება", - განაცხადა "ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის' ადვოკატმა ლაშა ტყეშელაძემ შსს ნაძალადევის მე-9 განყოფილების წინ გამართულ ბრიფინგზე.
16 სექტემბერს, ენმ-ის ნაძალადევის ოფისიდან გამოსვლის შემდეგ პოლიციელების მიერ ნაცემმა ზურაბ აბაევმა, რომელსაც კლინიკიდან დღეს გაწერენ, განაცხადა: "მხოლოდ იმიტომ დავისაჯე, რომ ქოცებისკენ არ ვარ, ხმებს არ ვუგროვებ. კამერებითაც რომ გასაჯაროვდება, რაც იქ მოხდა, ყველა საკუთარი თვალით დაინახავს. დაინახავს, როგორ ექცევა პოლიცია ადამიანს, რომელიც მათ მხარეს არ არის. არავინ ვართ ვალდებული, ვინმეს მხარეს ვიყოთ, რადგან ყველას ჩვენ-ჩვენი აზრი გვაქვს და იქ უნდა ვიყოთ, სადაც საღი აზრია. პირადად მე იქ მელოდებოდნენ, მაშინვე მეცნენ და მაგრად მცემეს იქაც, განყოფილებაშიც - დაზიანებები მეტყობა. დიაგნოზიც არსებობს, მხოლოდ ლაპარაკი რომ არ გამოვიდეს. მე რომ გავჩუმდე, მერე თქვენი ძმები, მამები, ქმრები უნდა სცემონ, ამიტომ სჯობია, ვისაც ასე ექცევიან, ყველამ ხმა ამოიღოს, რათა დამთავრდეს ეგეთი რაღაცები ერთხელ და სამუდამოდ".
შეგახსენებთ, 16 სექტემბერს ზურაბ აბაევს სამოქალაქო ტანსაცმელში ჩაცმულმა პოლიციელებმა ენმ-ის ნაძალადევის ოფისთან მოსთხოვეს პირადობა, მიაყენეს ჯერ სიტყვიერი, შემდეგ კი ფიზიკური შეურაცხყოფა, გადაიყვანეს ნაძალადევის მე-9 განყოფილებაში, სადაც ის შეუძლოდ გახდა, რის შემდეგაც სასწრაფო დახმარების ბრიგადამ აბაევი პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში გადაიყვანა, სადაც ამ დრომდე იმყოფება.