"26 ოქტომბრის შემდეგ ჩვენ შეგვიძლია დავასრულოთ ბავშვთა შიმშილი ამ ქვეყანაში და უფასო კვების პროგრამა დავნერგოთ ყველა საჯარო სკოლაში",- "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ზუგდიდის ორგანიზაციის თავმჯდომარემ და წალენჯიხის მერმა სკოლებში უფასო კვების პროგრამაზე ისაუბრეს.
"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ზუგდიდის ორგანიზაციის თავმჯდომარე ანა წითლიძემ წალენჯიხაში, სადაც "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარესთან, თინა ბოკუჩავასთან და წალენჯიხის მერ გია ხარჩილავასთან ერთად მოსწავლეებს ახალი სასწავლო წლის დაწყება მიულოცა, განაცხადა:
"ერთიან ნაციონალურ მოძრაობას აქვს ძალიან კარგი გამოცდილება, როგორ უნდა დაინერგოს უფასო კვების პროგრამა სკოლებში, მთელი საქართველოს მასშტაბით. ის გამოცდილება, რაც ჩვენ წალენჯიხაში გვაქვს, იმის საშუალებას გვაძლევს, რომ ყველა საჯარო სკოლაში სწრაფად მოხდეს უფასო კვების პროგრამის დანერგვა. ჩვენ არ შეიძლება ვცხოვრობდეთ საქართველოში, სადაც ბავშვები შიმშილის გამო სწავლაზე კონცენტრირებას ვერ ახერხებენ. ჩვენ არ შეიძლება ვცხოვრობდეთ საქართველოში, სადაც დედები ემიგრაციაში მიდიან მხოლოდ იმისთვის, რომ თავიანთი შვილები უზრუნველყონ და არ შეიძლება ვცხოვრობდეთ ქვეყანაში, სადაც გაუსაძლისი პირობებია. 26 ოქტომბრის შემდეგ ჩვენ შეგვიძლია დავასრულოთ ბავშვების შიმშილი ამ ქვეყანაში და უფასო კვების პროგრამა დავნერგოთ ყველა საჯარო სკოლაში", - განაცხადა ანა წითლიძემ.
წალენჯიხის მერის გია ხარჩილავას განცხადებით კი, „თუ ეს (სკოლებში უფასო კვების პროგრამა) წალენჯიხამ შეძლო თავისი მწირი ბიუჯეტით, ეს უნდა შეძლოს ქვეყანამ იმ შეთანხმებით, რომ ჩვენ ვზრუნავთ ჩვენს მომავალზე და ხვალინდელ დღეზე და ამასთან ერთად, წალენჯიხა ბოდიშს არ იხდის.“