2008 წლის ომში დაღუპული გმირების მშობლებს რა პასუხი უნდა გასცენ? - ამის შესახებ ოკუპანტების მიერ კირბალში მოკლული თამაზ გინტურის ძმამ, ნიკოლოზ გინტურმა „მთავართან“ განაცხადა .
„2008 წლის ომში დაღუპული გმირების მშობლებს რა პასუხი უნდა გასცენ? გუშინ რომ ამბობს [ივანიშვილი], ბოდიში უნდა მოვუხადოთო, ვინ მოუხდის ბოდიშს? 2008 წელში რუსეთმა დაიწყო ომი და მათ უნდა მოგვიხადონ ბოდიში, რომ ამდენი გმირი დაგვიხოცეს.
შარშან, 26 ნოემბერს, ჩემი ძმა მოკლეს სოფელ კირბალში, ეკლესიის ეზოში. ეს რა მშვიდობაა?!
ივანიშვილმა თავის გამოსვლით რუსები და ოსები გაახარა. უნდა რუსებთან შეერთება და რუსეთის ჭაობში საქართველოს ჩახრჩობა“, - განაცხადა ნიკოლოზ გინტურმა.
გუშინ, გორში „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარემ, ბიძინა ივანიშვილმა „ქართული ოცნების“ საარჩევნო კამპანიის რეგიონულ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა: „ჩვენ აუცილებლად გამოვძებნით საკუთარ თავში ძალას, რათა ბოდიში მოვიხადოთ იმის გამო, რომ დავალების შესაბამისად, მოღალატე „ნაციონალურმა მოძრაობამ“ 2008 წელს ცეცხლის ალში გახვია ჩვენი ოსი დები და ძმებს“.