ისრაელის რამდენიმე ქალაქში კვლავ გაიმართა აქციები ღაზის სექტორში ცეცხლის შეწყვეტის და ტერორისტული დაჯგუფება „ჰამასის“ მძევლების გათავისუფლების შესახებ შეთანხმების მიღწევის მოთხოვნით.
საპროტესტო აქციებზე ათასობით ადამიანი გამოვიდა.
თელ ავივში გამართულ მიტინგზე, რომელიც გაიმართა ლოზუნგით „ჩვენ მათ არ მივატოვებთ - არ დავნებდებით“, გაისმა ღაზის სექტორში წინა დღეს ნაპოვნი დატყვევებული ისრაელელი ჯარისკაცის აუდიოჩანაწერი.
ჩაბაწერში სამხედრო მიმართავს პრემიერ-მინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუს ისრაელის ციხეებში დაპატიმრებული ჰამასის მებრძოლების ღაზის სექტორში ისრაელელ მძევლებზე გაცვლის თხოვნით.
ისრაელზე ჰამასის თავდასხმიდან 11 თვის შემდეგ, ტერორისტებს, სხვადასხვა წყაროს მიხედვით, ამ დროისათვის 97-101-მდე მძევლი ჰყავთ. მათგან 33, სავარაუდოდ, გარდაცვლილია.
აგვისტოს ბოლოს ქალაქ რაფაჰთან ახლოს ჰამასის ერთ-ერთ მიწისქვეშა გვირაბში ექვსი მძევლის ცხედარი აღმოაჩინეს.
როგორც ისრაელის ჯანდაცვის სამინისტრომ განაცხადა სასამართლო ექსპერტიზის შემდეგ, ჰამასის ტერორისტებმა ისინი დახოცეს რამდენიმე გასროლით ისრაელელი სამხედროების მისვლამდე 2-3 დღით ადრე.
2023 წლის 7 ოქტომბერს ისრაელზე თავდასხმის დროს „ჰამასის“ მებრძოლებმა 1200-ზე მეტი ადამიანი მოკლეს, დაახლოებით 250 კი მძევლად აიყავნეს.