უკრაინულმა მხარემ ამერიკის შეერთებულ შტატებსა და დიდ ბრიტანეთს მიაწოდა რუსეთის ტერიტორიაზე მდებარე სამიზნეების სია, რომლებზეც სურს დარტყმები მიიტანოს შორი მანძილის რაკეტებით. ამის შესახებ Reuters-ი ევროპულ დიპლომატიურ წყაროებზე დაყრდნობით იუწყება.
სააგენტოს თანამოსაუბრეების თქმით, იმ სამიზნეებს შორის, რომლებზეც უკრაინელი სამხედროები შორ მანძილზე მოქმედი რაკეტების გამოყენების აკრძალვის გაუქმების შემთხვევაში დარტყმებს განახორციელებენ, არის სამეთაურო ცენტრები, საწვავის და იარაღის საწყობები, აგრეთვე ადგილები, სადაც მტრის ცოცხალი ძალაა კონცენტრირებული.
როგორც Reuters-ის წყაროები აღნიშნავენ, უკრაინელ სამხედროებს თავდაპირველად სურდათ გამოეყენებინათ აშშ-ის მიერ მიწოდებული შორ მანძილზე მოქმედი ATACMS-ის რაკეტები რუსეთის აეროდრომებზე თავდასხმისთვის.
ამასთან, პენტაგონმა მიუთითა, რომ თვითმფრინავების 90%, რომელსაც რუსეთი იყენებს მართვადი ბომბების ჩამოსაგდებად, განლაგებულია აეროდრომებზე, რომლებიც მდებარეობენ საზღვრიდან 300 კილომეტრზე მეტ მანძილზე - ATACMS რაკეტების მიღწევადობის მიღმა.
ATACMS-ის გარდა, უკრაინელ სამხედროებს სურთ გამოიყენონ ბრიტანული Storm Shadow-ის რაკეტები და თითქმის იდენტური ფრანგული SCALP-ის რაკეტები.
როგორც Reuters-ს ფრანგულმა წყარომ განუცხადა, მიუხედავად იმისა, რომ ბრიტანეთის ხელისუფლებამ უნდა მიიღოს აშშ-ის თანხმობა იმისათვის, რომ უკრაინას დათანხმდეს ასეთი რაკეტების გამოყენებაზე, საფრანგეთს ასეთი ნებართვა, არ სჭირდება.