მოლდოვის საზღვართან მდებარე რუმინეთის ქალაქ გალაცში ძლიერი წვიმისა და წყალდიდობის შედეგად ოთხი ადამიანი დაიღუპა. დაზარალებულ სოფლებში წყალმა 1,7 მეტრამდე აიწია და ადგილობრივი მოსახლეობა იძულებული გახდა სახლების სახურავებზე ასულიყო, რათა დინებას არ გაეტაცა.
გავრცელებული ინფორმაციით, წყალდიდობა რუმინეთის ამ და სხვა რეგიონებში, ჩრდილოეთ იტალიიდან მოძრავმა ციკლონმა „ბორისმა“ გამოიწვია.
მან ასევე შესაძლია იმოქმედოს ევროპის რამდენიმე ქვეყანაზე: ჩეხეთზე, პოლონეთზე, ავსტრიაზე, უნგრეთზე, სლოვაკეთზე, გერმანიასა და მოლდოვაზე.
ჩეხეთში სინოპტიკოსებმა განაცხადეს, რომ მორავიის რეგიონის აღმოსავლეთ ნაწილში ქარის სიჩქარე, საათში 100 კილომეტრს მიაღწევს.
ქალაქებში აქტიურად ამონტაჟებენ წყალდიდობის ბარიერებს და ამზადებენ ქვიშის ტომრებს მოახლოებული სტიქიის წინააღმდეგ საბრძოლველად.
ავსტრიისა და სლოვაკეთის ხელისუფლებამ, რომლებიც ჩეხეთის რესპუბლიკას ესაზღვრება, გააუქმეს შაბათ-კვირას დაგეგმილი ღონისძიებები და ემზადებიან სამხედრო პერსონალის გასაგზავნად სასწრაფო დახმარების სამსახურში.
ალპების ზოგიერთ ნაწილში ბავარიაში მოსალოდნელია 60-დან 100 მმ-მდე წვიმა, ხოლო გერმანიის მეტეოროლოგიური სამსახური (DWD) პროგნოზირებს წლის პირველ დიდთოვლობას, 1500 მეტრზე მაღლა მდებარე რეგიონებში 50 სანტიმეტრამდე თოვლია მოსალოდნელი.