აშშ-ის სანქციების სიაში რუსული სამი იურიდიული და ორი ფიზიკური პირი დაამატეს.
შეერთებულმა შტატებმა სანქციები დაუწესა რუსულ მედია ჯგუფ RT-ის („რაშა თუდეის“) აღმასრულებელ დირექტორ, ტელეწამყვან დიმიტრი კისილიოვს და გაფართოვა სანქციები "მედია ჯგუფის" და ამავე სახელწოდების ტელეარხის მიმართ.
აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა განაცხადა, რომ „რაშა თუდეი“ არ მოქმედებს როგორც უბრალოდ სახელმწიფო საკუთრებაში არსებული მედიაორგანიზაცია, არამედ აქტიურად ახორციელებს ფარულ ოპერაციებს არა მხოლოდ შეერთებულ შტატებში, არამედ რამდენიმე სხვა ქვეყანაში დაზვერვის მაღალჩინოსნების მითითებით, რომლებიც უშუალოდ კრემლს ექვემდებარებიან.
ენტონი ბლინკენის თანახმად, RT-ის სტრუქტურაში მინიმუმ 2023 წლიდან მოქმედებს კიბერგანყოფილება საინფორმაციო დივერსიისა და სამხედრო შესყიდვების ჩასატარებლად. მან მაგალითად მოიყვანა რუსეთში გამართული მრავალრიცხოვანი მედია კამპანია, რომლებიც აგროვებენ თანხებს არმიის მხარდასაჭერად და უკრაინაში მეომარი სამხედრო ნაწილების აღჭურვილობის შესაძენად.
„ჩვენ მოვუწოდებთ ყველა მოკავშირეს, თითოეულ პარტნიორს, იმგვარად მიუდგნენ „რაშა თუდეის“ აქტივობებს, როგორც ისინი აკეთებენ რუსეთის სხვა სადაზვერვო საქმიანობის მიმართ თავიანთ ტერიტორიაზე. ახალი ინფორმაციის წყალობით, რომლის დიდი ნაწილი მომდინარეობს „რაშა თუდეის“ თანამშრომლებიდან, ჩვენ ვიცით, რომ „რაშა თუდეის“ გააჩნდა კიბერშესაძლებლობები და ჩართული იყო ფარული ინფორმაციისა და გავლენის ოპერაციებში და სამხედრო შესყიდვებში. „რაშა თუდეის“ საფარქვეშ, ამ დანაყოფის მეშვეობით მიღებული ინფორმაცია მიედინება რუსეთის სადაზვერვო სამსახურებში, რუსულ მედიასაშუალებებში, რუს დაქირავებულ ჯგუფებსა და რუსეთის მთავრობის სხვა სახელმწიფო და მარიონეტულ ჯგუფებში“, – განაცხადა ენტონი ბლინკენმა.