ცენტრალური ევროპის ქვეყნების მნიშვნელოვანი ნაწილი ამინდის გაურესებასთან დაკავშირებით, პრევენციულ ზომებს იღებენ, მას შემდეგ, რაც სინოპტიკოსებმა უხვი ნალექის შესახებ გაფრთხილება გაავრცელეს.
ადგილობრივი მეტეოროლოგიური სადგურების ცნობით, ჩეხეთში, პოლონეთში, გერმანიაში, ავსტრიასა და სლოვაკეთში ძლიერი წვიმა უარყოფით ბუნებრივ შედეგებს გამოიწვევს. კერძოდ, პოლონეთ-ჩეხეთის საზღვარზე, მაღალმთიანეთში მომდევნო 72 საათის განმავლობაში 400 მმ-მდე ნალექია მოსალოდნელი.
პოლონეთის ხელისუფლებამ უკვე გამოაცხადა ამინდის გაფრთხილება ქვეყნის სამხრეთ რეგიონებში, ხოლო ქალაქ ვროცლავის მერმა ამ საკითხზე კრიზისული კომიტეტი მოიწვია.
1997 წელს მდინარე ოდერი ნაპირებიდან გადმოვიდა და დატბორა ვროცლავის მესამედი. „პარასკევიდან კვირამდე არსებობს ლოკალიზებული წყალდიდობის რეალური საფრთხე“, - აცხადებენ პოლონეთის მეტეოროლოგიურ სამსახურში.
ძლიერი წვიმები ჩეხეთის აღმოსავლეთ ნაწილში ხუთშაბათიდან დაიწყო. ამინდის მკვეთრი გაუარესება მოსალოდნელია ცენტრალური ევროპის სხვა ქვეყნებშიც, მათ შორის სამხრეთ გერმანიაში, ავსტრიის, პოლონეთისა და სლოვაკეთის ნაწილებში.
„მონაცემები გვიჩვენებს, რომ რთული დღეები გველოდება“, – განაცხადა ჩეხეთის პრემიერ-მინისტრმა კრიზისული კომიტეტის შეხვედრის შემდეგ.
გაფრთხილება გავრცელდა ცენტრალურ და სამხრეთ-დასავლეთ რეგიონებზეც, მათ შორის პრაღაზე, სადაც 2002 წელს დაფიქსირებულმა წყალდიდობამ ათი ათასობით ადამიანის ევაკუაცია გამოიწვია, დაანგრია შენობები. მაშინ დედაქალაქის მეტროს სისტემა თვეობით იყო დატბორილი. მას შემდეგ პრაღამ მნიშვნელოვანი ინვესტიციები ჩადო წყალდიდობის საწინააღმდეგო ზომების მობილიზებაში მსგავსი დატბორვის თავიდან ასაცილებლად.
ამინდის მოსალოდნელი გაუარესების გამო, ჩეხეთის საფეხბურთო ლიგამ გააუქმა მატჩები მთელი ქვეყნის მასშტაბით. ამასთან, გაუქმებულია კულტურული ღონისძიებებიც.