აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი, შესაძლოა, დათანხმდეს უკრაინის მიერ რუსეთის ტერიტორიის სიღრმეში დასავლური იარაღის გამოყენებას, იმ პირობით, თუ ამერიკული რაკეტები არ იქნება გამოყენებული. ამის შესახებ The New York Times-ი წყაროზე დაყრდნობით იუწყება.
NYT-ის სტატიაში ნათქვამია, რომ დიდმა ბრიტანეთმა ნათლად განუცხადა შეერთებულ შტატებს, რომ მას სურს დაუშვას უკრაინის მიერ Storm Shadow-ის რაკეტების გამოყენება რუსეთზე დარტყმებისთვის.
მაგრამ ლონდონს ასევე სურს ვაშინგტონის მკაფიო ნებართვა აშშ-სა და საფრანგეთთან „კოორდინირებული სტრატეგიის დემონსტრირებისთვის“.
ამერიკელი ოფიციალური პირების განცხადებით, ბაიდენს ჯერ არ მიუღია საბოლოო გადაწყვეტილება ამ საკითხთან დაკავშირებით.
გამოცემა აღნიშნავს, რომ თუ აშშ-ის პრეზიდენტი, დაამტკიცებს პარტნიორების გადაწყვეტილებას, შორი მანძილის იარაღის გამოყენება, შესაძლოა, დაეხმაროს უკრაინას ფრონტის ხაზის შენარჩუნებაში, მათ შორის რუსეთის ტერიტორიების ნაწილის დაკავების შემდეგ უკრაინის შეიარაღებული ძალების შეტევის ფარგლებში, კურსკის ოლქში.
თუმცა, აშშ-ის სადაზვერვო სამსახურების გაფრთხილების პარალელურად, ბაიდენი ყოყმანობს, დათანხმდეს კიევს, ამ მიზნით გამოიყენოს ამერიკული ATACMS-ის რაკეტები,
გამოცემის ცნობით, სადაზვერვო სამსახურები შიშობენ, რომ რუსეთი, აშშ-ის შეიარაღების თავდასხმების საპასუხოდ, შესაძლოა დაეხმაროს ირანს ახლო აღმოსავლეთში ამერიკელი სამხედროების დაბომბვაში.
დასავლური რაკეტების გამოყენების საკითხი, რომელიც დიდი ხანია განიხილება აშშ-ს პრეზიდენტის ადმინისტრაციაში, სავარაუდოდ, 13 სექტემბერს ვაშინგტონში ჯო ბაიდენისა და ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრის კირ სტარმერის მოლაპარაკების ერთ-ერთი მთავარი თემა იქნება.