კომუნიკაციების კომისიამ „ტელეკომპანია პირველისა“ და „ფორმულას“ წინააღმდეგ პოლიტიკური გაერთიანება „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" საჩივარი დააკმაყოფილა და ტელეკომპანიებს სამართალდარღვევის ოქმი შეუდგინა. საქმე ეხება “ქართული ოცნების” მიერ წარდგენილ პოლიტიკურ რეკლამას, რომელიც მაუწყებლებმა ეთერიდან ამოიღეს.
"თავდაპირველად ტელევიზიებმა ვიდეო-რგოლი ეთერში განათავსეს, თუმცა რამდენიმე დღეში ორივე მაუწყებელმა აღნიშნული რეკლამა კანონმდებლობის შესაძლო დარღვევის მიზეზით ბადიდან ამოიღო. ტელეკომპანიებს მიაჩნიათ, რომ სადავო რეკლამის განთავსება, შესაძლოა ეწინააღმდეგებოდეს „მაუწყებლობის შესახებ" საქართველოს კანონით გათვალისწინებულ სიძულვილის ენის გავრცელების აკრძალვას, ან „რეკლამის შესახებ“ კანონით გათვალისწინებულ წესებს.
კომუნიკაციების კომისიამ დღეს გამართულ საჯარო სხდომაზე მხარეთა პოზიციები მოისმინა და მიიჩნია, რომ სადავო პოლიტიკურ რეკლამაში არ ჩანს სიძულვილის ან ძალადობის წაქეზება, ან მოწოდება ძალადობისკენ. საარჩევნო სუბიექტის მიერ დამზადებული ვიდეო-რგოლი ემსახურება პოლიტიკური გაერთიანების წინასაარჩევნო ხედვის წარდგენას. შესაბამისად, წარმოდგენილი ვიდეო-რგოლი არ არღვევს მოქმედი კანონმდებლობის მოთხოვნებს და მაუწყებლები ვალდებულნი იყვნენ ის ეთერში განეთავსებინათ.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, კომუნიკაციების კომისიამ დააკმაყოფილა პოლიტიკური გაერთიანება „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" საჩივარი და მის მიერ წარდგენილი პოლიტიკური რეკლამის განუთავსებლობისთვის „ტელეკომპანია პირველისა“ და „ფორმულას“ მიმართ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმის შედგენის გადაწყვეტილება მიიღო", - აღნიშნულია ინფორმაციაში.