ლიეტუვის თავდაცვის მინისტრმა განაცხადა, რომ ბალტიისპირეთის ქვეყნებში ბაზირებულმა ნატო-ს თვითმფრინავებმა უნდა ჩამოაგდონ რუსული დრონები, რომლებიც არღვევენ მათ საჰაერო სივრცეს. აღნიშნული განცხადება მას შემდეგ გაკეთდა, რაც გასულ კვირას ლატვიაში რუსული დრონები ჩამოვარდა.
ნატო-ს გამანადგურებლები პატრულირებენ ბალტიის ქვეყნების საჰაერო სივრცეში, მას შემდეგ, რაც ისინი შეუერთდნენ სამხედრო ალიანსს 2004 წელს, რადგან სამ ყოფილ საბჭოთა რესპუბლიკას არ გააჩნია შესაბამისი საჰაერო ფლოტი.
„ნატო-ს თვითმფრინავები არა მხოლოდ უნდა პატრულირებდნენ, არამედ, საჭიროების შემთხვევაში, თუ ეს შესაძლებელია, უნდა გაანადგურონ (რუსული) დრონები“, - განაცხადა ლიეტვის თავდაცვის მინისტრმა ლაურინას კაშიუნასმა ვილნიუსში ჟურნალისტებთან საუბრისას.
მან დასძინა, რომ ეს მოითხოვს დრონების ჩამოგდების გადაწყვეტილების მიღების პროცესის გამარტივებას.
მისი კომენტარები მას შემდეგ გაკეთდა, რაც შაბათს ლატვიაში რუსული დრონი ჩავარდა. ლატვიის შეიარაღებულმა ძალებმა განაცხადეს, რომ ეს იყო ირანული წარმოების Shahed-ი რომელიც აღჭურვილი იყო ასაფეთქებელი ნივთიერებებით.
ლატვიის პრეზიდენტმა ედგარს რინკევიჩსმა განაცხადა, რომ მისი ქვეყანა მოკავშირეებთან ერთად განიხილავს რუსული უპილოტო თვითმფრინავების საკითხს.
„მოვუწოდებთ მოკავშირეთა საბრძოლო თვითმფრინავების დაუყონებლივ გამოყენებისკენ მას შემდეგ, რაც დრონები ჩვენს საზღვრებთან დაფიქსირდებიან“, - თქვა რინკევიჩსმა.