მე ვხედავ ენერგიას და მზადყოფნას ამ ქვეყანაში იმისათვის, რომ მოხდეს დიდი გარდატეხა, და რომ ჩვენ გავიდეთ ევროპულ ასპარეზზე, ვიაროთ დასავლური ცივილიზაციისკენ; არჩევნებამდე დარჩენილ დღეებში ჩვენ გვჭირდება ეს ენერგია, რომ გავიმარჯვოთ", - "ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის" ლიდერი ლაშა ბაქრაძემ ღონისძიების - “კი ევროპას” გახსნის დროს სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
"გილოცავთ გუშინდელ გამარჯვებას ფეხბურთში, რადგან საქართველოს ჭირდება გამარჯვებები და არა ის უძრაობა, რომელიც მოიტანა ბიძინა ივანიშვილის რეჟიმმა. საქართველოს სჭირდება დიდი ნაბიჯებით წინსვლა, ჩვენ კი ვდგავართ ერთ ადგილას და არაფერი თითქოსდა არ მიდის წინ. ძალიან ხშირად, ამ ბოლო დროს, მეკითხებიან ხოლმე, რომ ქვეყანაში არის ამდენი სოციალური პრობლემა და რატომ ვლაპარაკობთ ამდენს ევროპაზე. სწორედ იმიტომ რომ ევროპა არის სოციალური სამართლიანობა, დემოკრატია, კეთილდღეობა ყველასათვის, სამართლიანი სასამართლო. სწორედ ამიტომ გვინდა ჩვენ ვიყოთ მსოფლიოს ამ ყველაზე პროგრესული ოჯახის ნაწილი.
დავით აღმაშენებლის ისტორიკოსთან არის ასეთი ფრაზა, რომ დავითი პატარა საქართველოდან რომ არ ყოფილიყო, ალექსანდრე მაკედონელზე ნაკლები არ იქნებოდაო. ჩვენ გვჭირდება სასიცოცხლო სივრცე იმისთვის, რომ ქართულ ნიჭს მიეცეს გასაქანი, და ეს იქნება დემოკრატიული სივრცე და არა ისეთი, როგორიც იყო რუსეთისა თუ ოსმალეთის, სპარსეთის იმპერიების სივრცეები, რათა ქართულმა ენერგიამ აჩვენოს ის, თუ რა შეუძლია მას - აი, ამისთვისაც გვინდა ჩვენ ევროპა. და მე ვხედავ ენერგიას და მზადყოფნას ამ ქვეყანაში იმისათვის, რომ მოხდეს დიდი გარდატეხა, და რომ ჩვენ გავიდეთ ევროპულ ასპარეზზე, ვიაროთ დასავლური ცივილიზაციისკენ. აი, ეს ენერგია გვჭირდება დღეს ჩვენ, არჩევნებამდე დარჩენილ რეებში, რომ გავიმარჯვოთ, და გავიმარჯვოთ არა ისე, როგორც ქართულ ოცნებას უნდა მხოლოდ თავისი შვილებისთვის და თავიანთი თავისთვის კეთილდღეობა, არამედ ისე, რომ ყველა მოქალაქეს თანასწორი უფლება ჰქონდეს, და ჩვენ ვიბრძვით არამხოლოდ ჩვენი, არამედ მათი შვილებისთვისაც და ამ ერთიანობით ჩვენ შშევძლებთ ძალიან ჩქარ და დიდ წინსვლას მეტი თავისუფლებისა და მეტი კეთილდღეობისაკენ. გაუმარჯოს საქართველოს, გაუმარჯოს თავისუფლებას, დამოუკიდებლობას და რაც მთავარია, ერთიან, განუყოფელ საქართველოს", - განაცხადა ლაშა ბაქრაძემ.