სომხეთმა და ევროკავშირმა ვიზალიბერალიზაციის შესახებ მოლაპარაკებები ოფიციალურად დაიწყეს. აღნიშნულთან დაკავშირებით, 9 სექტემბერს ერევანში ჩავიდა ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტი მარგარიტიის შინასი და შეხვედრები გამართა პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანთან, პრემიერ-მინისტრსა და საგარეო საქმეთა მინისტრთან.
დიალოგის ოფიციალურად წამოწყების შესახებ მხარებმა ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადეს.
ერევანში მარგარიტის შინასმა თქვა, რომ ამ დიალოგის საბოლოო მიზანია სომხეთის მოქალაქეებისთვის ევროკავშირში მოკლევადიანი მოგზაურობისთვის ვიზის მოთხოვნის გაუქმება.
მისივე თქმით, სავიზო რეჟიმის გაუქმება მოხდება მას შემდეგ, რაც სომხეთის ხელისუფლება საკვანძო სფეროებში მნიშვნელოვან რეფორმებს განახორციელებს.
პირობებს შორისაა სამგზავრო დოკუმენტების უსაფრთხოება, სასაზღვრო კონტროლი, მიგრაცია და თავშესაფრის საკითხები, კორუფციასთან ბრძოლა და გადაადგილების თავისუფლებასთან დაკავშირებული ფუნდამენტური უფლებების პატივისცემა.
"ჩვენი მიზანია მივაღწიოთ საბოლოო წერტილს რაც შეიძლება მალე, მარამ ამ პროცესში ავტომატურად არაფერი მოხდება", - განაცხადა ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტმა.
თავის მხრივ, სომხურმა მხარემ განაცხადა, რომ უდიდეს მნიშვნელობას ანიჭებს დიალოგის დაწყებას და ამავდროულად აცნობიერებს, თუ რაოდენ დიდი სამუშაოა გასაწევი მიზნის მისაღწევად.
"ჩვენ ნამდვილად განვიხილავთ ამ პროცესს, როგორც სტრატეგიულ დღის წესრიგს მიგრაციის, ადამიანთა გადაადგილების და სასაზღვრო კონტროლის მოდერნიზაციის სფეროში", - განაცხადა სომხეთის მთავრობის მეთაურმა.
ნიკოლ ფაშინიანმა ევროკავშირთან უვიზო რეჟიმის შესახებ დიალოგის დაწყებას უწოდა "მნიშვნელოვანი მომენტი" ორმხრივი ურთიერთობებისთვის. პრემიერ-მინისტრის თქმით, სომხეთში გრძელდება დისკუსიები ქვეყნის ევროკავშირში გაწევრიანების შესაძლებლობის შესახებ.
"ეს არის რთული საკითხი, მაგრამ ის გახდა სომხეთის პოლიტიკური დღის წესრიგის ნაწილი", - აღნიშნა ნიკოლ ფაშინიანმა. "სომხურ საზოგადოებაში, განსაკუთრებით ევროინტეგრაციის მომხრეებში, გახშირდა მოწოდებები ქვეყნის ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ რეფერენდუმის ჩატარებაზე".