სამშაბათს, 10 სექტემბერს, ღამით, რუსეთის 9 რეგიონსა და ანექსირებულ ყირიმზე უკრაინული დრონების მიერ მასირებული შეტევა განხორციელდა. აფეთქებები დაფიქსირდა ბელგოროდის, კურსკის, ორიოლის, ვორონეჟის, ტულის, კალუგის, ლიპეცკის, მოსკოვის ოლქებსა და კრასნოდარის მხარეში.
ბრიანსკის ოლქის გუბერნატორის, ალექსანდრ ბოგომაზის მტკიცებით, რუსეთის საჰაერო თავდაცვის ძალებმა 59 უპილოტო საფრენი აპარატი ჩამოაგდეს ბრიანსკის ოლქის ტერიტორიაზე.
საინფორმაციო სააგენტო TASS-ის ცნობით, ტულის რეგიონში რუსეთის საჰაერო თავდაცვის მიერ ჩამოგდებული დრონის ნამსხვრევები საწვავ-ენერგეტიკულ ობიექტზე ჩამოვარდა.
„დაშავებულები არ არიან“, - ციტირებს რუსული სახელმწიფო სააგენტო ტულის ხელისუფლების განცხადებას, სადაც ნათქვამია, რომ ტექნოლოგიური პროცესი და მომხმარებლებისთვის რესურსების მიწოდება არ შეწყვეტილა.
მოსკოვის ოლქის გუბერნატორმა ანდრეი ვორობიოვმა Telegram-ზე დაწერა, რომ რეგიონის თავზე სულ მცირე 14 დრონი ჩამოაგდეს. მისი თქმით, უკრაინული დრონების თავდასხმის შედეგად ერთი ქალი დაიღუპა და სამი ადამიანი დაშავდა.
რუსეთის დედაქალაქის მერიის ინფორმაციით, რამენსკის რაიონში საცხოვრებელ კორპუსში უპილოტო საფრენი აპარატის თავდასხმამ ხანძარი გამოიწვია. ცეცხლმა შენობის მე-11 და მე-12 სართულები მოიცვა.
მოსკოვის სამივე აეროპორტმა - დომოდედოვო, ვნუკოვო და შერემეტევო - გააუქმეს ფრენები თავდასხმების პერიოდში.
9 სექტემბერს, გვიან საღამოს, ცნობილი გახდა აფეთქებების შესახებ, რომლებიც მოხდა ყირიმის ნახევარკუნძულზე, სოფელ ოქტაბრსკოეში.
რუსეთის თავდაცვის სამინისტრო ირწმუნება, რომ 10 სექტემბრის დილისთვის, რუსეთის ცხრა რეგიონში - ბელგოროდის, ბრაიანსკის, ვორონეჟის, კალუგის, კურსკის, ლიპეცკის, მოსკოვის, ორიოლისა და ტულის ოლქებში განადგურდა 144 დრონი.
რუსეთი დრონებით თავდასხმაში უკრაინას ადანაშაულებს.