ნიდერლანდები თანახმაა, უკრაინამ მის მიერ მიწოდებული იარაღი რუსეთის ტერიტორიაზე სამიზნეებზე დასარტყმელად გამოიყენოს.
ამის შესახებ მედიას ქვეყნის თავდაცვის მინისტრმა რუბენ ბრეკელმანსმა განუცხადა.
„უკრაინას შეუძლია გამოიყენოს ჩვენი იარაღი რუსეთის ტერიტორიაზე თავდაცვის მიზნით საერთაშორისო სამართლის შესაბამისად. კიევს აქვს თავდაცვის უფლება“, - განაცხადა მან შესაბამისი შეკითხვის პასუხად.
ნიდერლანდების თავდაცვის მინისტრმა ასევე განმარტა, რომ უკრაინას შეუძლია მიზანმიმართული ცეცხლი განახორციელოს სამხედრო ობიექტებზე სასაზღვრო ტერიტორიებიდან თავდასხმის დროს.
„იგივე ეხება მტრის რაკეტებს - მათი ჩაჭრაც შეიძლება ჩვენი იარაღით რუსეთის საჰაერო სივრცეში“, - დასძინა ბრეკელმანსმა.
მინისტრმა დასავლეთის სხვა ქვეყნებსაც მოუწოდა გააუქმონ შეზღუდვები.
შეკითხვაზე ნებართვის დასაშვები მანძილის შესახებ, ბრეკელმანსმა უპასუხა, რომ საერთაშორისო სამართალი არ არის შეზღუდული მანძილით.
"თავდაცვის უფლება არ მთავრდება საზღვრიდან 100 კილომეტრში. ჩვენ უკრაინისთვის დისტანციის თვალსაზრისით არანაირი ოპერატიული შეზღუდვა არ დაგვიწესებია", - განაცხადა მან.
მისივე თქმით, ნებართვა ასევე ეხება F-16 ტიპის გამანადგურებლებს.