სულ მცირე 40 ადამიანი დაიღუპა და 60 დაიჭრა ისრაელის თავდასხმის შედეგად ხან იუნისის რაიონზე ღაზის სექტორის სამხრეთ ნაწილში. ამის შესახებ განაცხადა ჰამასის მიერ კონტროლირებადი ღაზის სამოქალაქო თავდაცვის სამმართველომ.
ისრაელმა განაცხადა, რომ დარტყმის სამიზნე იყო ჰამასის“ სამეთაურო ცენტრი.
გავრცელებული ინფორმაციით, თავდასხმა მოხდა ალ-მავასის რაიონში, სადაც დევნილთა კარვების ბანაკია განთავსებული.
„ჩვენი ეკიპაჟები კვლავ ეძებენ დევნილთა კარვებზე თავდასხმის შედეგად დაკარგულ 15 ადამიანს“, - განუცხადა AFP-ს ღაზის სამოქალაქო თავდაცვის სპიკერმა მოჰამედ ალ-მუგაირმა.
თვითმხილველებმა BBC-ს განუცხადეს, რომ შუაღამის შემდეგ ალ-მავასის რაიონში ძლიერი აფეთქებები გაისმა და ცა ცეცხლისგან განათდა.
ღაზის სამოქალაქო თავდაცვის სპიკერის მაჰმუდ ბასალის თქმით, ალ-მავასის რაიონში 200-ზე მეტი კარავი იყო, რომელთაგან 40-მდე განადგურდა.
მან ასევე თქვა, რომ პალესტინელებს თავდასხმის შესახებ წინასწარი გაფრთხილება არ მიუღიათ.
ისრაელის თავდაცვის ძალებმა განაცხადეს, რომ გამანადგურებელმა დაარტყა ჰამასის სამეთაურო ცენტრს, რომელიც ფარულად მოქმედებდა ჰუმანიტარულ ზონაში.
„ტერორისტული ორგანიზაციები ღაზის სექტორში სისტემატურად აგრძელებენ სამოქალაქო და ჰუმანიტარული ინფრასტრუქტურის ბოროტად გამოყენებას, მათ შორის აღნიშნულ ჰუმანიტარულ ზონაში, რათა განახორციელონ ტერორისტული ქმედებები ისრაელის სახელმწიფოსა და ისრაელის თავდაცვის ძალების წინააღმდეგ“, - ნათქვამია განცხადებაში.
ისრაელელმა სამხედროებმა განაცხადეს, რომ დარტყმის წინ მიღებულ იქნა ზომები მშვიდობიანი მოსახლეობისთვის ზიანის მიყენების ალბათობის შესამცირებლად.
მოგვიანებით „ჰამასის“ ოფიციალურმა პირებმა განაცხადეს, რომ თავდასხმის ადგილზე მებრძოლები არ იმყოფებოდნენ.