ევროკავშირი მუშაობს ზომებზე, რომელიც მიზნად ისახავს სლოვაკეთის დასჯას დემოკრატიული რეფორმების შეზღუდვის გამო.
Bloomberg-ის ინფორმაციით, გაერთიანების მიერ მიღებულმა ზომამ შესაძლოა გამოიწვიოს ბრატისლავისთვის განკუთვნილი ევროკავშირის სახსრების დაბლოკვა.
გამოცემის წყაროების ცნობით, ევროკომისიამ მოამზადა გადაწყვეტილების პროექტი ევროკავშირის სახსრების დაბლოკვის მექანიზმის ამოქმედების შესახებ, სლოვაკეთის პოპულისტი პრემიერ-მინისტრის რობერტ ფიცოს გადაწყვეტილების საპასუხოდ, გააუქმოს სპეციალური პროკურორის ოფისი, რომელიც ზედამხედველობდა არაერთ კორუფციულ საქმეს, რაც ევროპული ფონდების ხარჯვასთანაა დაკავშირებული.
როგორც იტყობინებიან, ევროკომისიის მიერ დაწყებული პროცესი ადრეულ ეტაპზეა და შემდგომი მსვლელობისთვის მას ჯერ კიდევ ესაჭიროება ევროკომისიის პრეზიდენტის ურსულა ფონ დერ ლაიენის მიერ დამტკიცება.
სლოვაკეთში სახელმწიფო ინვესტიციების თითქმის 80 პროცენტი ფინანსდება ევროკავშირის ფონდებიდან. ამ სახსრებზე წვდომასთან დაკავშირებული ნებისმიერი პრობლემა სერიოზული დარტყმა იქნება სლოვაკეთისთვის, რომელიც უკვე განიცდის გადაჭარბებული საბიუჯეტო დეფიციტს.
ევროკომისიის წინადადების დამტკიცების შემთხვევაში, ევროკავშირს საშუალება ექნება, შეაჩეროს სლოვაკეთისთვის 13 მილიარდი ევროს დაფინანსება.
ევროკომისია ასევე განიხილავს სლოვაკეთისთვის „კოვიდ-19“-ის პანდემიასთან საბრძოლველად გამოყოფილი 2.7 მილიარდი ევროს სუბსიდიების ნაწილის ან მთლიანი თანხის შეჩერების შესაძლებლობასაც. ამ თანხის გადარიცხვის ერთ-ერთი პირობა იყო სპეციალური პროკურორის ოფისის ჩამოყალიბება.