პარიზის XVII ზაფხულის პარალიმპური თამაშები 8 სექტემბერს საღამოს, საზეიმო ცერემონიალით დასრულდა.
თვალწარმტაც სანახაობას 64 ათასი მაყურებელი ადევნებდა თვალყურს პარიზის სენ-დენის სტადიონის ტრიბუნებიდან.
პარალიმპიური თამაშები 28 აგვისტოდან 8 სექტემბრამდე მიმდინარეობდა.
დახურვის ცერემონიაზე სიტყვით გამოვიდა საერთაშორისო პარალიმპიური კომიტეტის პრეზიდენტი ენდრიუ პარსონსი. მისი თქმით, ეს იყო “ყველაზე სანახაობივი პარალიმპიური თამაშები, რაც კი ოდესმე გამართულა.
მომდევნო პარალიმპიური თამაშები 2028 წელს შეერთებულ შტატებში, ლოს ანჯელესში გაიმართება.
საქართველოს პარალიმპურმა გუნდმა, რომელიც პარიზის XVII პარალიმპურ თამაშებს სპორტის 6 სახეობაში (პარა სროლა, პარა წოლჭიმი, პარა ძიუდო, პარა მძლეოსნობა (შუბის ტყორცნა, ბირთვის კვრა), ეტლით ფარიკაობა, პარა ტაეკვონდო) 14 პარა ათლეტით ეწვია, 9 მედალი მოიპოვა. მათ შორის, ჩემპიონობა იზეიმა გიგა ოჩხიკიძემ (ბირთვის კვრა, F53 კატეგორია), ვერცხლის მედლებით დაასრულეს გამოსვლა ვლადიმერ ჭინჭარაულმა (ტყვიის სროლა, R9 კატეგორია), ზურაბ ზურაბიანმა, გიორგი ქალდანმა, რევაზ ჩიკოიძემ, (სამივე პარა ძიუდო, J2 კატეგორია), ბრინჯაოს მედლები მოიპოვეს ანა ჯაფარიძემ (პარა ტაეკვონდო, K44 კატეგორია), ნინო თიბილაშვილმა (ეტლით ფარიკაობა, A კატეგორია), ინა ქალდანმა (პარა ძიუდო, J2 კატეგორია) და აკაკი ჯინჭარაძემ ( პარა წოლჭიმი).
საქართველომ მოპოვებული მედლების რაოდენობით პარალიმპური თამაშების რეკორდი დაამყარა. აქამდე საუკეთესო შედეგი იყო ტოკიოს პარალიმპურ თამაშებზე მოპოვებული 3 ვერცხლის მედალი.
საქართველოს ნაკრები 1 ოქროს, 4 ვერცხლის და 4 ბრინჯაოს მედლით ქვეყნების საერთო ჩათვლაში 51-ე ადგილზე გავიდა.