სირიაზე განხორციელებული თავდასხმის შედეგად, სულ მცირე, ხუთი ადამიანი დაიღუპა და 19 დაშავდა. თავდასხმა ხამას პროვინციაში მოხდა. ინფორმაცია სირიულ მედიას ადგილობრივი საავადმყოფოს დირექტორმა მიაწოდა.
„დაშავებულთაა უმეტესობა ქალაქ მისიაფიდან შემოვიდა. რამდენიმე პაციენტი კრიტიკულ მდგომარეობაშია“, - თქვა მან.
სააგენტო Reuters-ს წყაროები ამბობენ, რომ თავდასხმის სამიზნე იყო დიდი სამხედრო კვლევითი ცენტრი.
ორი რეგიონული დაზვერვის წყარომ თქვა, რომ რამდენიმე დარტყმა განხორციელდა სამხედრო ქიმიური იარაღის კვლევით ობიექტზე, რომელიც მდებარეობს მისიაფთან ახლოს.
იუწყებიან, რომ იქ, სავარაუდოდ, ირანელი სამხედრო ექსპერტების ჯგუფია განლაგებული, რომლებიც იარაღების წარმოებას ეწევიან.
სირიის სახელმწიფო მედია იტყობინება, რომ თავდასხმა ისრაელმა განახორციელა. მათივე ცნობით, დარტყმის შედეგად, ხანძრის ორი კერა გაჩნდა.