ლატვიაში რუსული სამხედრო უპილოტო საფრენი აპარატი ჩამოვარდა, რომელიც ბელარუსიდან მიფრინავდა. ამის შესახებ ლატვიის თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა.
ლატვიის თავდაცვის სამინისტროს განცხადებაში ნათქვამია, რომ აპარატი რეზეკნეს რაიონში დაეცა.
„ამჟამად ხელისუფლება, მათ შორის პოლიცია, იძიებს ინციდენტის გარემოებებს, მაგრამ წინასწარი მონაცემებით, ეს არის რუსეთის ფედერაციის სამხედრო უპილოტო საფრენი აპარატი და, ეროვნული შეიარაღებული ძალების ხელთ არსებული ინფორმაციით, ის ჩვენს საჰაერო სივრცეში შემოვიდა ბელარუსიდან“, - ნათქვამია განცხადებაში.
რა ტიპის საფრენ აპარატზეა საუბარი, სამინისტროში არ აკონკრეტებენ.
„ეს ვითარება ადასტურებს, რომ ჩვენ უნდა გავაგრძელოთ მუშაობა, რომელიც დავიწყეთ ლატვიის აღმოსავლეთ საზღვრის გასაძლიერებლად, რათა შევზღუდოთ უპილოტო საფრენი აპარატების მოქმედებები სხვადასხვა მიზნით“, - განაცხადა ლატვიის თავდაცვის მინისტრმა ანდრის სპრუდსმა.