აშშ-ის საპრეზიდენტო კანდიდატმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ არჩევნებში გამარჯვების შემთხვევაში, უკრაინის ომს ახალი წლისთვის დაასრულებს.
მისი თქმით, ამას თანამდებობაზე ოფიციალურად დაკავებამდეც შეძლებს - რეგლამენტის მიხედვით, ინაუგურაცია 20 იანვარს იმართება.
„თუ ჩვენ გავიმარჯვებთ, მჯერა, რომ შემიძლია მოვაგვარო ამ ომის საკითხი, როგორც არჩეულმა პრეზიდენტმა, ვიდრე ოფიციალურად დავიკავებ თანამდებობას. მე შემიძლია შევაჩერო ეს ომი, რადგან ეს არის საშინელი, საშინელი ომი. და ისინი უკრაინაში იმაზე მეტ ადამიანს კლავენ, ვიდრე წარმოგიდგენიათ“, - განაცხადა ტრამპმა ნიუ იორკის ეკონომიკურ კლუბში.
პოლიტიკოსის თქმით, მისი გეგმა არის ენერგომატარებელბზე ორჯერ ან მეტჯერ ფასების შემცირება, თანამდებობის დაკავებიდან 12 თვის განმავლობაში.
„პუტინი ვერ დაიწყებს ბრძოლას 40 დოლარის ღირებულების ნავთობის წინააღმდეგ“, - თქვა ტრამპმა.
2023 წლის სექტემბერში ტრამპმა უკვე გააკეთა მსგავსი განცხადება.
ის დარწმუნებულია, რომ თუ ბარელი ნავთობის ფასი 40 დოლარამდე დაეცემა, რუსეთი ვერ შეძლებს უკრაინაში ომის წარმოებას.