აშშ-ის ცენტრალური დაზვრევის სამმართველოს დირექტორმა უილიამ ბერნსმა გამოცემა Financial Times-თან ინტერვიუში განაცხადა, რომ უკრაინის შეიარაღებული ძალების შეტევა რუსეთის კურსკის ოლქში უკრაინის არმიის "მნიშვნელოვანი ტაქტიკური მიღწევაა".
მისი თქმით, უკრაინის შეიარაღებული ძალების მოქმედებებმა გამოავლინა რუსული არმიის დაუცველობა.
ამასთან, გამოცემის კიდევ ერთმა თანამოსაუბრემ, ბრიტანეთის საგარეო დაზვერვის სამსახურის უფროსმა რიჩარდ მურმა უკრაინის შეიარაღებული ძალების შეტევითი ოპერაციის შეფასებისგან თავი შეიკავა.
მურმა აღნიშნა, რომ „ძალიან ადრეა“ იმის თქმა, თუ რამდენ ხანს შეძლებს უკრაინის არმია კურსკის ოლქის ტერიტორიაზე კონტროლის შენარჩუნებას. მისივე თქმით, უკრაინის შეტევამ „ომი შეიტანა რიგითი რუსების სახლებში“.
უკრაინის შეიარაღებული ძალები კურსკის რეგიონში შეტევას 6 აგვისტოდან ახორციელებენ.
აგვისტოს ბოლოსთვის უკრაინის არმია, საკუთარი მონაცემებით, აკონტროლებდა ოლქის 1294 კვადრატულ კილომეტრს და 100 დასახლებას.
უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ თქვა, რომ კიევი ამ ტერიტორიების დაკავებას გეგმავს და ასეთ პოზიციას ომში „გამარჯვების გეგმის“ ნაწილი უწოდა.
თუმცა, უკრაინის ლიდერმა აღნიშნა, რომ კიევი არ აპირებს კურსკის ოლქის ამ ნაწილების ანექსიას. „ჩვენი ოპერაციები მიზნად ისახავს ჩვენი ტერიტორიული მთლიანობის აღდგენას. ჩვენ არ გვჭირდება მათი ხალხი, მშვიდობიანი მოსახლეობა, მათი მოქალაქეები. ჩვენ მათი სამხედროები ტყვეებად მხოლოდ იმისთვის აგვყავს, რომ გავცვალოთ ისინი {უკრაინელ სამხედროებზე}. იგივე დამოკიდებულება გვაქვს ტერიტორიის მიმართ. ჩვენ არ გვჭირდება მათი მიწა. არ გვინდა იქ ჩვენი უკრაინული ცხოვრების დანერგვა“, - განაცხადა ზელენსკიმ.
ნატო-ს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა უკრაინის შეტევას ლეგიტიმური უწოდა.