უკრაინა ღრმა შეშფოთებას გამოთქვამს ირანის მიერ რუსეთისთვის ბალისტიკური რაკეტების სავარაუდო გადაცემის გამო, ინფორმაციას უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.
უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრო მოუწოდებს თეირანს, თავი შეიკავოს მოსკოვისთვის ნებისმიერი სახის იარაღის მიწოდებისგან.
„უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრო ღრმად შეშფოთებულია საერთაშორისო მედიაში გავრცელებული ინფორმაციით ირანის მიერ რუსეთის ფედერაციისთვის ბალისტიკური რაკეტების შესაძლო გადაცემის შესახებ. კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ ირანის ხელმძღვანელობას, თავი შეიკავოს რუსეთისთვის, რომელიც გაერო-ს წესდებისა და საერთაშორისო სამართლის ნორმების თანახმად აგრესორი სახელმწიფოა, ნებისმიერი სახის იარაღისა და სამხედრო ტექნიკის გადაცემისგან“, – აღნიშნულია უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.
უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრო აფრთხილებს თეირანს, რომ აღნიშნული ცნობების დადასტურებას დამანგრეველი შედეგები მოჰყვება უკრაინა-ირანის ორმხრივი ურთიერთობებისთვის.
ამერიკულმა გამოცემა The Wall Street Journal-მა 6 დეკემბერს გაავრცელა ინფორმაცია, რომლის თანახმად, ირანმა რუსეთს მცირე რადიუსზე მოქმედი ბალისტიკური რაკეტები გაუგზავნა. ოფიციალური თეირანი უარყოფს ამ ცნობებს.