რუსეთის ვორონეჟის ოლქში, 7 სექტემბრის ღამეს, დრონი თავს დაესხა საბრძოლო მასალის საცავს, რამაც ხანძარი და აფეთქება გამოიწვია. ოსტროგოჟის რაიონის სოფელ სოლდატსკოეში, სადაც საწყობია, ევაკუაცია მიმდინარეობს, რაიონში საგანგებო მდგომარეობაა გამოცხადებული, წერს ტელეგრამ-არხი ASTRA.
ადგილობრივმა გუბერნატორმა გუსევმა თქვა, რომ დრონი ჩამოაგდეს, მაგრამ „უპილოტო საფრენი აპარატის დაცემის შედეგად გაჩნდა ხანძარი, რომელიც ასაფეთქებელ ობიექტებზე გავრცელდა“:
„დეტონაცია დაიწყო, გადაწყდა ერთი სოფლის მცხოვრებთა დროებით ევაკუაცია მეზობელ სოფელში“, - თქვა გუსევმა.
მოგვიანებით მან დაამატა, რომ რაიონში საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა: „წინასწარი ინფორმაციით, არავინ დაშავებულა, შესაძლო ზარალის შეფასება მხოლოდ აფეთქების შედეგების სრულად აღმოფხვრის შემდეგ მოხდება“.
ადგილობრივი მცხოვრებლები აცხადებენ, რომ თავდასხმა სოფელ სოლდატსკოეში საბრძოლო მასალის საცავზე განხორციელდა.
სოციალურ ქსელში წერენ, რომ საბრძოლო მასალის აფეთქება რამდენიმე საათის განმავლობაში გრძელდება.