აშშ-ის თავდაცვის მდივანმა ლოიდ ოსტინმა თქვა, რომ ამერიკის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი დღეს უკრაინისთვის 250 მილიონი დოლარის სამხედრო დახმარების ახალ პაკეტის შესახებ განაცხადებს.
ამის შესახებ მან უკრაინის თავდაცვის საკითხებში საკონტაქტო ჯგუფის 24-ე შეხვედრის გახსნაზე განაცხადა.
ოსტინის თქმით, ახლა უკრაინისთვის „კრიტიკული მომენტია“ მოახლოებული ზამთრის ფონზე.
„ამიტომ, მოხარული ვარ, ვთქვა, რომ პრეზიდენტი ბაიდენი დღეს გამოაცხადებს დამატებით 250 მილიონი აშშ დოლარის უსაფრთხოების პაკეტს უკრაინისთვის.
ის შესთავაზებს მეტ შესაძლებლობებს უკრაინის მზარდი მოთხოვნილებების დასაკმაყოფილებლად და ჩვენ მას მივაწოდებთ ომის მიმდინარეობის შესაბამისად“, - თქვა ოსტინმა.
ოსტინს არ დაუკონკრეტებია, რა შედის ახალ პაკეტში.
მან აღნიშნა, რომ თუ რუსეთს მიეცემა უფლება, დაიკავოს მეზობლის ტერიტორია, მაშინ სხვა ქვეყანებიც დაუცველი იქნება.
„თუკი მსოფლიოს ავტოკრატები გააცნობიერებენ, რომ თავისუფალი ნების მქონე ქვეყნები თავიანთი პრონციპების კომპრომისზე წავლენ, ჩვენი სამყარო ბევრად უფრო საშიში გახდება, თუ უკრაინა არ იქნება თავისუფალი, მსოფლიო არ იქნება უსაფრთხო“, - თქვა ოსტინმა.