უკრაინის საგანგებო სიტუაციების სახელმწიფო სამსახურის ცნობით, ჩერნობილის ზონაში რამდენიმე დღის წინ გაჩენილი ხანძრის ლიკვიდაცია გრძელდება.
ხანძრის ქრობის ოპერაციაში 120 მაშველი მონაწილეობს, ტერიტორიის მუდმივი შემოწმება რადიაციული და ქიმიური დაცვის სპეციალისტების მიერ მიმდინარეობს.
უწყების ინფორმაციით, ამჟამად, რადიაციული ფონის ნორმის ფარგლებშია.
არსებული ინფორმაციით, ჩერნობილის ატომური ელექტროსადგურის ე.წ. გაუცხოების ზონის ტერიტორიაზე ცეცხლი დაახლოებით 20 ჰექტარ ფართობზეა გავრცელებული.
„ხანძრის, ასევე, კიევის ოლქის ბროვარის რაიონში ტორფის დნობის გამო, შეიძლება მოხდეს დაკვამლიანება. ამიტომ გირჩევთ, დიდხანს არ იმყოფებოდეთ ქუჩაში და დახუროთ ფანჯრები“, – განაცხადა კიევის საოლქო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა, რუსლან კრავჩენკომ.