„წლევანდელი არჩევნები იმითაა გამორჩეული, რომ ქართველ ხალხს უწევს არჩევანი გააკეთოს მშვიდობასა და ომს შორის, ევროპულ მომავალსა და წარსულის სასტიკ რეჟიმს შორის, თავისუფლებასა და მონობას შორის. დამეთანხმებით, რომ ამ ჩამონათვალში ყველაზე მნიშვნელოვანი მშვიდობაა, რადგან მშვიდობის გარეშე არ იქნება არც ევროპული მომავალი, არც თავისუფლება, არც ეკონომიკური კეთილდღეობა", - განაცხადა საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის „ხალხის ძალის" წევრმა ეკა სეფაშვილმა.
მისი განცხადებით, ამ მშვიდობის შენარჩუნებას ბოლო 12 წლის მანძილზე ახერხებს მმართველი გუნდი, რომელმაც 2012 წელს თვისებრივად შეცვალა ქვეყანაში პოლიტიკური სიტუაცია, დაასრულა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" სასტიკი მმართველობა.
„მშვიდობის უზრუნველყოფა მარტივი არ ყოფილა, განსაკუთრებით ბოლო ორი წლის განმავლობაში, როდესაც რუსეთმა უკრაინის წინააღმდეგ დაიწყო სასტიკი ბრძოლა. ამ ორი წლის განმავლობაში განსაკუთრებით შეინიშნებოდა შიდა თუ გარე აქტორების მიერ საქართველოს ხელისუფლებაზე ზეწოლა, რომ ისეთი ნაბიჯები გადაედგა, რომელიც აუცილებლად გამოიწვევდა საქართველოს ომში ჩართვას. ისინი ცდილობდნენ საქართველოს ხელისუფლებას დაეშვა შეცდომა, რომელიც პირველ ხანებში გამოიწვევდა დაძაბულობის ესკალაციას, რაც შემდგომში თავისუფლად გადაიზრდებოდა საომარ მოქმედებებში. რაც ცხადია, გლობალური მოთამაშეების ინტერესებში შედიოდა", - განაცხადა ეკა სეფაშვილმა.
მისივე შეფასებით, ამ გლობალურ ინტერესებთან უთანასწორო და უსამართლო ბრძოლაში დღემდე ხერხდება მშვიდობის შენარჩუნება.
„ამას ვახერხებთ იმიტომ, რომ ჩვენს გვერდში დგას და ზურგს გვიმაგრებს ქართველი ხალხი, რომელიც არ ჰყვება შიდა თუ გარე აგენტების პროვოკაციებს მათ რადიკალიზმს და მტკიცედ უჭერს მხარს ქვეყანაში მშვიდობის შენარჩუნებას", - აღნიშნა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა.
მისივე განცხადებით, სწორედ ამ უწყვეტი მშვიდობის შენარჩუნებით შეძლო ქვეყანამ ის, რომ 2012 წლის შემდეგ ბიუჯეტი გასამმაგდა, მთლიანი შიდა პროდუქტი 28 მილიარდი ლარიდან 80 მილიარდ ლარამდე ავიდა და დღემდე გრძელდება ეს ზრდა. განახევრდა უმუშევრობა, 700 ათასზე მეტმა ადამიანმა დააღწია თავი სიღარიბეს, საქართველოს მოქალაქეების დაახლოებით 95% სარგებლობს ჯანდაცვის საყოველთაო პროგრამით, გაიზარდა სოციალური დაცვის პაკეტი და ამ მიმართულებით მუშაობა კვლავ გრძელდება.
„პრობლემები კიდევ არის და ჩვენ თვალს არ ვხუჭავთ ამ პრობლემებზე, ყოველდღიურად ნაბიჯ-ნაბიჯ, ეკონომიკური ზრდით და ასოცირების შეთანხმების განხორციელებით ვცდილობთ უზრუნველვყოთ საქართველოს ევროპული ნათელი მომავალი და ეს ყველაფერი ვერ განხორციელდება თუ არ იქნება ქვეყანაში მშვიდობა. ამიტომ არჩევანი უნდა გავაკეთოთ მშვიდობის სასარგებლოდ", - განაცხადა ეკა სეფაშვილმა.