წარმოუდგენელია, როდესაც ხელისუფლება წინასაარჩევნოდ დიქტატურას აანონსებს და ამით გადის არჩევნებზე. ეს ავტორიტარულ ქვეყნებშიც არ ხდება, - ასე ეხმაურება „ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერი, სერგო ჩიხლაძე, წინასაარჩევნოდ "ოცნების" მუქრას, ოპოზიცური პარტიების აკრძალვისა და მათთვის მანდატების წართმევის შესახებ.
მათ ოპოზიციის დაპატიმრების, საზოგადოებაში შუღლის გაღვივებისა და დიქტატურის დამყარების დაპირება გასცეს. ჩვენი დასავლელი პარტნიორები გაოცებულები არიან, მაგრამ ვიცით, რომ საქმე გვაქვს რეჟიმთან, რომლებსაც არაფერი საერთო ქართველ ხალხთან არ აქვს.
ირაკლი კობახიძე რასაც მას თავისი პატრონი უბრძანებს, უარს არ იტყვის, მაგრამ ვფიქრობ, რომ მათ ამის საშუალება არ ექნებათ, რადგან 26 ოქტომბერს გამანადგურებელი ანგარიშით დამარცხდებიან. რაც არ უნდა ისაუბროს, კობახიძე, ღარიბაშვილმა და ივანიშვილმა, დასრულებულია მათი მმართველობა, რაც უფრო მეტს იტყვიან, რაც მეტს ილაპარაკებენ დაშინებაზე, მით უფრო დიდი ანგარიშით დამარცხდებიან.
ბიძინა ივანიშვილის გარდა, საქართველოს ყველა მოქალაქე რომ გააქრონ, ამაზეც მოაწერს ხელს კობახიძე. მათი ერთადერთი სალაპარაკო თემა ბიძინა ივანიშვილი და მისი ქონებაა.
შემდეგი მოწვევის პარლამენტში „ქართულ ოცნებას“ უმრავლესობა ვერ ექნება, ისინი ვერ დააკომპლექტებენ მთავრობას, „ქართული ოცნება“ ვერანაირ გადაწყვეტილებას ვერ მიიღებს. მათი ეს დამუქრებები და ბოდვითი დაპირებები დღის სინათლეს ვერ ნახავს. დაითვალონ თავიანთი მანდატები!“ - განაცხადა სერგო ჩიხლაძემ.