პარტია „საქართველოსთვის“ წევრი ანა ბუჩუკური გიორგი გახარიას წინააღმდეგ პრემიერ ირაკლი კობახიძის განცხადებას ეხმიანება და აღნიშნავს, რომ "ქართულ ოცნებას" ხელისუფლების ოპონენტების გასამართლებისთვის 12 წელი ჰქონდა.
ანა ბუჩუკური კობახიძეს მოუწოდებს, რომ "ივანიშვილის გუნდთან პორტირებული ნაცების გასამართლება დაიწყოს, რომლებიც როგორც სააკაშვილის ხელისუფლების დროს, ასევე დღესაც კორუფციონერი ფეოდალები არიან".
"ოცნებას" რომ "ნაცმოძრაობის" როგორც პარტიის გასამართლება და გაუქმება სდომოდა, აქამდე 12 წელი ჰქონდა. კობახიძეს ვურჩევდი, რომ დაიწყოს მათთან პორტირებული ნაცების გასამართლებით, კორუფციონერი ფეოდალების გასამართლებით, რომლებიც ნაცემის რეჟიმის დროს ნაცების მსახურები და დამფინანსებლები იყვნენ და ახლა ზუსტად იგივე ხალხი "ოცნების" კორუფციონერი ფეოდალები არიან და ამათ ემსახურებიან", - ამბობს ბუჩუკური.
პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ დღეს განაცხადა: „გახარია, რომელსაც აქვს შექმნილი კოალიცია „ნაცმოძრაობასთან“ ოთხ მუნიციპალიტეტში, პირდაპირ ალიანსშია კრიმინალურ პოლიტიკურ ძალასთან. ეს არის ერთი კოლექტიური კრიმინალური პოლიტიკური ძალა, რომელიც აუცილებლად უნდა გასამართლდეს, დანარჩენზე გადაწყვეტილებას მიიღებენ შესაბამისი ინსტანციები“.