ქართველი ხალხი კიდევ უფრო ბევრ რამეს გაიგებს 26 ოქტომბრის შემდეგ, როცა "ქართული ოცნება" დამარცხდება და მეტ ინფორმაციაზე გვექნება ხელმისაწვდომობა", - ამის შესახებ „ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის“ აღმასრულებელმა მდივანმა დავით კირკიტაძე OOCRP-ის განცხადებასთან დაკავშირებით საუბრისას განაცხადა.
მისი თქმით, ბიძინა ივანიშვილი და მისი ოჯახი წლებია, ფინანსურ მაქინაციებშია შემჩნეული.
ივანიშვილი და მისი ოჯახი წლებია, შემჩნეულია ფინანსურ მაქინაციებში: ისინი მალავენ თავიანთ ქონებას და ამასთან, საქართველოს ბიუჯეტში ერთ თეთრსაც კი არ იხდიან. ჩვენ ვნახეთ რამდენიმე საერთაშორისო, ავტორიტეტული ორგანიზაციების მიერ გამოქვეყნებული მასალები იმის შესახებ, თუ როგორ ფინანსდება "ქართული ოცნების" საარჩევნო კამპანია, ასევე იმაზე, თუ როგორ მალავენ ივანიშვილის ოჯახის წევრები ქონებას რუსეთში, მაგრამ ქართველი ხალხი კიდევ უფრო ბევრ რამეს გაიგებს 26 ოქტომბრის შემდეგ, როცა "ქართული ოცნება" დამარცხდება და მეტ ინფორმაციაზე გვექნება ხელმისაწვდომობა, - აცხადებს დავით კირკიტაძე.
შეგახსენებთ, ორგანიზებული კრიმინალისა და კორუფციის გამოძიების პროექტი (OOCRP)-მა და მედია პარტნიორებმა, საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს თანაავტორობით გამოძიება ჩაატარეს.
პუბლიკაციის თანახმად, ბიძინა ივანიშვილი მოსკოვის პრესტიჟულ რაიონებში (სოკოლსა და ოდინცოვში) მდებარე 2 კერძო საცხოვრებელს ფლობს, რომლის ფართობიც 795.6 და 614.5 კვ.მ-ია.
გამოძიებაში აღნიშნულია, რომ ივანიშვილს მოსკოვური ქონების ნაწილი 2013 წელს, პრემიერმინისტრის პოზიციაზე ყოფნისას, მხოლოდ ერთ დეკლარაციაში აქვს ასახული, თუმცა ქონების დიდი ნაწილის შეძენა 2021 და 2024 წელს, ეკატერინე ხვედელიძის სახელზე მოხდა... აღმოჩენილი ქონების სავარაუდო საბაზრო ღირებულება მინიმუმ 14.7 მლნ დოლარია.
აღნიშნულს გამოეხმაურა „ქართული ოცნება“, პარტიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია: "მტკნარი სიცრუეა ის გარემოება, თითქოს მმართველი პარტიის საპატიო თავმჯდომარემ რამდენიმე თვის წინ რუსეთის ფედერაციაში რაიმე სახის ქონება შეიძინა. მსგავსი ტყუილების გავრცელება ყოველგვარი მტკიცებულებების გარეშე არათუ არ ჯდება რაიმე სახის ჟურნალისტურ სტანდარტებში, საერთოდ გაუგებარია, რა მიზანი ამოძრავებთ სტატიის ავტორებს. „ქართული ოცნების“ დამფუძნებელს 1998 წლის შემდეგ რუსეთში არანაირი ქონება არ შეუძენია. უფრო მეტიც, ბიძინა ივანიშვილი და მისი ოჯახის არცერთი წევრი რუსეთის ფედერაციაში 1998 წლის შემდეგ არ გამგზავრებულა.