ENG / RUS       12+

დათო მაღრაძე: იმედი ღმერთისგან მოდის და ადამიანი იმედს ვერ გამიცრუებს

რესპოდენტის შესახებ

„დღესასწაული დგება და ვიცი, რომ სიყვარულის ძალა დიდია, მიზიდულობის კანონი მიწის, მაღლა ვიწევ და ფეხზე მკიდია"... _ ეს დავით მაღრაძის პოეზიიდანაა. პოეტი რაინდის წოდებით, ვისაც იტალიაში, პარმის ტაძარში, წმინდა გიორგის ჯილდო და პირველი ხარისხის რაინდის წოდება საზეიმო ცერემონიალზე კარდინალებმა გადასცეს. ამჟამად იგი ნობელის პრემიაზეა წარდგენილი. თუმცა მისთვის მთავარი შემფასებელი მაინც ქართველი ხალხია.

_ ნობელის პრემიაზე ხართ წარდგენილი. თქვენთვის რას ნიშნავს ეს აღიარება?

_ ჯერჯერობით დეტალებზე არ ვსაუბრობ, მოგვიანებით ერთიანად განვაცხადებ. შვეიცარიულმა მხარემ წარმადგინა. ძალიან დიდი პატივია ჩემთვის და სიხარული, რომ უცხო ქვეყანაში, უცხო გარესამყაროში ასე მიიჩნიეს და ასეთი გადაწყვეტილება მიიღეს. დანარჩენზე ჩემგან უხერხულია საუბარი.

_ მკითხველისთვის საინტერესო იქნება, გვითხრათ, ნობელის პრემიაზე წარდგენის პროცედურები როგორია? პირველ ეტაპზე ჯერ ქართულმა მხარემ არ უნდა წარგადგინოთ ამ საერთაშორისო პრემიაზე?

_ არა, ასე არ არის. როგორც თვითონ შვეიცარიულმა მხარემ მითხრა, ნობელის პრემიაზე წარდგენის დროს გაითვალისწინეს ჩემი კრებული „სალვე", რომელიც ნათარგმნია თურქულად, გერმანულად, იტალიურად, რუსულად. ასევე, მეორე წიგნი_ „შენთვის", რომელიც ინგლისურადაა ნათარგმნი და მთელი ჩემი შემოქმედება...

_ რამდენადაც ჩვენთვის ცნობილია, პოეტ ბესიკ ხარანაულის კანდიდატურაც უნდა წარდგენილიყო ნობელის პრემიის ლაურეატთა შორის, ეს ფაქტი თქვენთვის რაიმე უხერხულობას ხომ არ შექმნიდა?

_ ჩემთვის ეს ცნობილი არაა. მე ვიცი, რომ ბესიკი წარდგენილი იყო შარშან.

_ ქართულმა მხარემ რატომ არ წარადგინა თქვენი კანდიდატურა? ეს საკითხი სახელმწიფო დონეზე წყდება?

_ მოდით, მაგ ლაბირინთებში არ ჩავერევი. ღირსეული კანდიდატურა წარადგინეს, ბესიკ ხარანაული მშვენიერი პოეტია. ძალიან დიდ პატივს ვცემ მას, წერილიც მაქვს დაწერილი ბესიკის პოეზიაზე. უბრალოდ, შვეიცარიის ასოციაციისა და უნივერსიტეტის საექსპერტო საბჭომ გადაწყვიტა ჩემი დასახელება. ნობელის პრემიას თავისი სპეციფიკა აქვს და წლის ბოლოს დასახელდება გამარჯვებული.

_ 2004 წელს თქვენ მიერ გამოცემულმა პოეტურმა კრებულმა „სალვემ" წარმატება მოიპოვა. შარშან კი რომის პაპის სპეციალური ჯილდო მიიღეთ. ამის თაობაზე საზოგადებისთვის ნაკლებადაა ცნობილი. რას გვეტყვით ამ ჯილდოების შესახებ?

_ რომის პაპის მედალი ჩემმა წიგნმა ისევ და ისევ შვეიცარიაში დაიმსახურა. შვეიცარიის საექსპერტო საბჭოს გადაწყვეტილებით მიენიჭა ამ წიგნს რომის პაპის მედალი. მოტივაცია, თუ რატომ მიენიჭა ჩემს წიგნს მედალი, საგანგებოდ დაწერეს. მე რომ მოვყვე ჩემი სიტყვებით, არ იქნება მართებული.

_ არის ეს ადამიანის დაფასება იმ ფონზე, როცა საქართველოში ნაკლებად აფასებენ ხელოვან ადამიანებს?

_ ყველაზე დიდი დაფასება მოდის მკითხველისგან. რა მოგახსენოთ, სამდურავი არაფერი მეთქმის ქართველი მკითხველის მიმართ. პირიქით, თუ რამე მიმიღია, გულისხმიერების სახით, პირველ ყოვლისა, ქართველი მკითხველის მადლიერი ვარ. მშობლიურ გარემოშია მთავარი დაფასება და დანარჩენი მერე, რა თქმა უნდა, სასიხარულოა.

_ ნათქვამია, ქვეყანაში, სადაც ტყვიამფრქვევები კაკანებენ, მუზები დუმანო. თქვენი აზრით, დღევანდელ პირობებში რამდენად გამოსდის ხელოვანს ლექსის წერა? იოლია ასეთ დროს პოეზიისთვის ხარკის გაღება?

_ როდესაც ეს ყველაფერი ბუნებრივია და სულიერი წიაღიდან მოდის, დროის კონიუნქტურას არ ექვემდებარება. არა მგონია, მაინცდამაინც დროს ექვემდებარებოდეს და პოლიტიკურ სიტუაციაზე იყოს დამოკიდებული პოეზიის არსებობა და პოეტური შესაძლებლობები. განწყობილებებზე, ალბათ, გარკვეულწილად მოქმედებს არსებული ყოფა, მაგრამ მაინც არსებობს რაღაც კიდევ უფრო ზედროითი ღირებულებები, რომლიც უფრო მნიშვნელოვანია ადამიანისთვის. ყველას ვუსურვებ ბედნიერებასა და ძალიან კარგ ქვეყანაში ცხოვრებას, მშვიდ გარემოში, სადაც სამართლიანობა შეიძლება იპოვოს კაცმა.

_ ხელოვანი უნდა ერეოდეს სახელმწიფოს საქმეებში თუ განცალკევებულად უნდა იდგეს? პოლიტიკისადმი გულგრილ დამოკიდებულებას ესპანელი მწერალი და ფილოსოფოსი მიგელ დე უნამუნო ყველაზე დიდ ბოროტებას უწოდებდა.

_ ამ შემთხვევაში კატეგორიული არ ვარ. ესეც ინდივიდუალურია. ვისაც სურს, ჩაერიოს სახელმწიფოს საქმეებში, ვისაც არ სურს, არა. თუმცა ვინც არ ერევა არაფერში, ნუ დააწესებს, თითქოს პოეტი არ უნდა ერეოდეს ქვეყნისთვის საჭირო საქმეში. პირიქითაც შეიძლება ითქვას_ ვინც ერევა სახელმწიფოს საქმეებში, ნურც ის დააწესებს, რომ სხვა პოეტებიც აუცილებლად უნდა ერეოდნენ. ერთხელ ჟურნალისტმა გოგონამ, რომელიც ჩემგან ინტერვიუს იღებდა, მითხრა, _ არ მემეტებით საზოგადოებრივ ქარტეხილებში ჩასარევად, მე თქვენი ლექსები მეძვირფასებაო. მე კი ვუთხარი: ახლა აქ რომ ყაჩაღი შემოგვივარდეს და შეურაცხყოფა მოგაყენოთ, მე კი გითხრათ, _ იცით, მე მწერალი ვარ და ვერ გამოგესარჩლებით-მეთქი, რა შთაბეჭდილება დაგრჩებათ ჩემზე, როგორც კაცზე, როგორც ადამიანზე, როგორც პოეტზე? ახლაც ეს იქნება ჩემი პასუხი.

_ გიფიქრიათ, რომ, შესაძლოა, პოლიტიკოსებმა თქვენი ფაქტორი და ხალხის მხრიდან თქვენდამი სიყვარული თავიანთ სასარგებლოდ გამოიყენეს? აპრილის აქციების დროს თქვენ პოლიტიკური ტრიბუნიდან ამხნევებდით ხალხს.

_ ვფიქრობ, ჩემს ფაქტორს უჩემოდ ვერავინ გამოიყენებს. შენს სამშობლოსა და ხალხზე იმედი არასდროს გაგიცრუვდება. ერთ ადამიანზეც კი არასდროს გადაიტან ამ ზოგად განწყობილებას. ყველაფრის მიუხედავად, მაინც შენი თვისტომის ერთგული რჩები.

_ ბოლო დროს პოლიტიკაში რატომ აღარ ჩანხართ?

_ ყოველთვის უპარტიო ვიყავი და ახლაც უპარტიო გახლავართ. ისე, საზოგადოებრივი მოძრაობა „დაიცავი საქართველოს" თავმჯდომარედ ამირჩეს.

_ ბოლოდროინდელმა ფაქტორებმა ან პოლიტიკოსებმა იმედები ხომ არ გაგიცრუეს?

_ იმედი ღმერთისგან მოდის და ადამიანი როგორ გამიცრუებს იმედებს?

_ ერთ ლექსში წერდით, „მე ამოვკენკავ თქვენთვის სამშობლოს ამ სანაგვიდან, როგორც მამალი". მესმის, რომ თქვენთვის სულ სხვაა სამშობლო, მაგრამ ზოგადად საზოგადოებისთვის ხომ არ გაცვდა სამშობლოს ცნება და ღირებულება?

_ ეს ლექსი შვილების თაობას ეძღვნება. სამშობლო, როგორც ხელოვნება, არის ზედროითი მოვლენა. აქ იმედის გაცრუებაზე ლაპარაკი არ შეიძლება იყოს. მარადიულ მსახურებას მოითხოვს, როგორც ხელოვნება, ისე _ სამშობლო. მეტიც, ჭეშმარიტება კიდევ უფრო მეტ მსახურებას მოითხოვს.

_ საზოგადოებას ხომ არ გაუცრუა იმედი სამშობლომ, იმ სამშობლომ, სადაც ისინი რეალიზებულნი არ არიან და უცხოეთში გარბიან?

_ არა, ეს დისტანცირებული არ არის, ეს ჩვენი ზოგადი ყოფაა. სამშობლოც ესაა: ზოგი გაქცეულია, ზოგი ოჯახს ეხმარება, მაგრამ ისიც განუყოფელი ნაწილია ჩვენი სამშობლოსი. ჯეიმს ჯოისი დაახლოებით 30 წლის იყო, როცა წავიდა ირლანდიიდან და ფიზიკურად აღარც დაბრუნებულა, მაგრამ რომ ჰკითხეს, თქვენ დატოვეთ ირლანდიაო? უპასუხა, _ მე არ მახსოვს ეგეთი წამი, რომ ირლანდია დამეტოვებინოსო. ხელოვანის განზრახვა არ არის, რომ მაინცდამაინც დააფასონ. ეს მისი სულიერი მდგომარეობაა, მას ასე შეუძლია ცხოვრება, სხვანაირად ვერ იცხოვრებს. ხელოვანი დაფასებისთვის არ არის მოწოდებული.

"ჯი-ეიჩ-ენი", ესაუბრა მანანა ნოზაძე

 

 

 

ავტორი: . .